ფოტო: REUTERS/Dado Ruvic
ციფრული გადახდების კომპანია Stripe-მა და კერძო საინვესტიციო ფირმა Advent International-მა PayPal-ის შესაძენად ერთობლივი შეთავაზება გააკეთეს. Reuters-ის ინფორმაციით, შეთავაზება თითო აქციაზე 60.50 დოლარს შეადგენს, რაც კომპანიას 53 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებს.
ინფორმირებული წყაროების ცნობით, შეთავაზება მიმდინარე თვის დასაწყისში წარადგინეს და მას ბანკების მხრიდან დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის დაფინანსების ვალდებულება უდევს საფუძვლად. შეთავაზებული ფასი PayPal-ის აქციების სამშაბათის დახურვის ფასზე დაახლოებით 28%-ით მაღალია.
წყაროების ინფორმაციით, Stripe-მა და Advent International-მა PayPal-ს პირველად აპრილის დასაწყისში მიმართეს. ამ ეტაპზე კომპანიას ოფიციალური პასუხი არ გაუცია, თუმცა მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებას უახლოეს კვირებში ელოდებიან.
შეთავაზების მიხედვით, Stripe-ი და Advent International-ი PayPal-ს თანაბარი, 50-50%-იანი წილებით დაეუფლებიან. წყაროების თქმით, კომპანიების დაშლა არ განიხილება, თუმცა ჯერ არ არსებობს გარანტია, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდება.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ PayPal-ის აქციების ფასი თითქმის 17%-ით გაიზარდა.
თუ გარიგება განხორციელდება, Stripe-ისა და PayPal-ის გაერთიანებით მსოფლიოში ონლაინ გადახდების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია შეიქმნება, რომლის წლიური გადახდების მოცულობა დაახლოებით 3.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
PayPal-ი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს დაარსდა, ციფრული გადახდების ერთ-ერთი პიონერი იყო, თუმცა ბოლო წლებში კონკურენცია მნიშვნელოვნად გამწვავდა. მომხმარებლების მხრიდან ისეთი ალტერნატიული გადახდის სისტემების, როგორიცაა Apple Pay და Google Pay, მზარდმა გამოყენებამ კომპანიის საბაზრო წილზე ზეწოლა მოახდინა.
კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2021 წელს დაახლოებით 360 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა მიმდინარე წელს 36 მილიარდ დოლარამდეც დაეცა. ბოლო 12 თვის განმავლობაში PayPal-მა საბაზრო ღირებულების 40%-ზე მეტი დაკარგა.
მარტში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ენრიკ ლორესმა დაიკავა და ბიზნესის მასშტაბური რესტრუქტურიზაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება საბაზრო ფასზე მაღალია, William Blair-ის ანალიტიკოსი ენდრიუ ჯეფრი მიიჩნევს, რომ PayPal-ის ახალი ხელმძღვანელობა მას, სავარაუდოდ, არასაკმარისად მიმზიდველად ჩათვლის. მისი შეფასებით, თუ მიმდინარე შეთავაზება მხოლოდ მოლაპარაკებების დასაწყისია, Stripe-მა და Advent International-მა შესაძლოა თითო აქციაზე ფასი 70 დოლარამდეც გაზარდონ.













