ფოტო: scitechdaily.com
მსოფლიოს ცხრა ყველაზე შემოსავლიანმა ავიაკომპანიამ ბოლო ფინანსური წლის განმავლობაში ჯამურად 25.11 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო. რეიტინგს კი ზედიზედ მეორე წელია, სათავეში Emirates-ი უდგას. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს შედეგები ასახავს იმ პერიოდს, სანამ ირანთან დაკავშირებული სამხედრო ესკალაცია გლობალურ ავიაინდუსტრიაზე გავლენას მოახდენდა.
რეიტინგი დუბაიში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანია One Investments-მა ავიაკომპანიების ბოლო ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე შეადგინა.
Emirates-ი კვლავ ლიდერია
Emirates-მა მიმდინარე წლის პირველი კვარტლისთვის რეკორდული, 5.4 მილიარდი დოლარის, წმინდა მოგება გამოაცხადა, რაც კომპანიის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. Emirates-ის თავმჯდომარის, შეიხ აჰმედ ბინ საიდ ალ მაქტუმის განცხადებით, შედეგი მიღწეულია მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის საჰაერო სივრცის დახურვამ კომპანიის საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
აშშ-ში ყველაზე მოგებიანი ავიაკომპანია Delta Air Lines-ი გახდა, რომელმაც 5 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო. მას 3.4 მილიარდი დოლარით United Airlines-ი მოჰყვება.
ევროპაში ყველაზე მაღალი შედეგი Ryanair-მა აჩვენა. კომპანიის მოგება მარტამდე დასრულებულ ფინანსურ წელს 40%-ით გაიზარდა და 2.26 მილიარდ ევროს მიაღწია. Turkish Airlines-მა რეკორდული შემოსავლების მიუხედავად დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო, თუმცა მისი წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით შემცირდა.
| # | ავიაკომპანია | წმინდა მოგება |
|---|---|---|
| 1 | Emirates | $5.4 მილიარდი |
| 2 | Delta Air Lines | $5.0 მილიარდი |
| 3 | United Airlines | $3.4 მილიარდი |
| 4 | Ryanair | $2.59 მილიარდი |
| 5 | Turkish Airlines | $2.4 მილიარდი |
| 6 | Singapore Airlines* | $2.1 მილიარდი |
| 7 | Qatar Airways | $1.94 მილიარდი |
| 8 | Cathay Pacific | $1.27 მილიარდი |
| 9 | ANA (All Nippon Airways) | $1.1 მილიარდი |
ირანთან ომი სექტორის პერსპექტივას ცვლის
ანალიტიკოსების შეფასებით, რეიტინგი ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ავიაკომპანიების ფინანსური მაჩვენებლები პიკს აღწევდა, თუმცა ვითარება ირანთან ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
Qatar Airways-ის წმინდა მოგება თითქმის 10%-ით შემცირდა, რადგან კონფლიქტის დროს კატარის საჰაერო სივრცის დახურვამ კომპანიის ოპერაციებზე გავლენა იქონია.
Emirates-მაც იმავე მიზეზით დაახლოებით 1%-ით ნაკლები მგზავრი გადაიყვანა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის სრული ეკონომიკური ეფექტი წლის მეორე ნახევარში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.
საწვავის გაძვირება და მოგების შემცირების რისკი
One Investments-ის მონაცემებით, 2025 წელს ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 25.8% ავიასაწვავზე მოდიოდა. ირანთან ომის შედეგად, ჰორმუზის სრუტეში შეფერხებების ფონზე, ავიასაწვავის ფასმა ბარელზე 150 დოლარსაც კი გადააჭარბა, თუმცა ამჟამად ნავთობი დაახლოებით 85 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ვარაუდობს, რომ შექმნილი ვითარების გამო გლობალური ავიაინდუსტრიის მოგება მიმდინარე წელს შესაძლოა თითქმის განახევრდეს.
Ryanair-მა, რომელმაც საწვავის საჭიროების დაახლოებით 80% წინასწარ, საშუალოდ 67 დოლარად დააჰეჯირა, მომავალი ფინანსური წლის პროგნოზის გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა და მიზეზად ბაზარზე არსებული მაღალი გაურკვევლობა დაასახელა.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გაგრძელდება, მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი ავიაკომპანიების რეიტინგი მომდევნო წელს შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს.











