Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა ნიდერლანდები?

ნიდერლანდებში მცხოვრები ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 80 ათასი დოლარია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (PPP), 88 ათასი დოლარია, თუმცა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა. ნიდერლანდებში 18 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ტერიტორიულად კი საქართველოზე 1.7-ჯერ პატარაა.
ნიდერლანდების ეკონომიკური აღმასვლა 1581 წლიდან იწყება, როდესაც ქვეყანამ ოფიციალურად უარყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ხელისუფლება და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ესპანეთთან ომი გრძელდებოდა და იურიდიულად დამოუკიდებლობას 1648 წელს მიაღწია ვესტფალიის ზავით.
მე-17 საუკუნის დასაწყისიდან ნიდერლანდები ევროპის სავაჭრო და ფინანსური ცენტრი ხდება. ამის მიზეზები იყო: შედარებით თავისუფალი ვაჭრობა და ნაკლები ფეოდალური შეზღუდვები. მაშინ როდესაც ევროპაში „რელიგიური ომი“ მიდიოდა, ნიდერლანდებში მეტი რელიგიური თავისუფლება იყო, რის გამოც საცხოვრებლად ჩავიდნენ მდიდარი ვაჭრები, ბანკირები, მეცნიერები და ხელოსნები (მაგალითად, პორტუგალიიდან გაქცეული ებრაელი ვაჭრები, ფლანდრიელი მეწარმეები, ფრანგი ჰუგენოტები, გერმანელი ბანკირები). მათ ქვეყანაში ჩაიტანეს ცოდნა და კაპიტალი.
რელიგიურ ტოლერანტობასთან ერთად, ნიდერლანდები გამორჩეული იყო ინსტიტუტების შედარებით სტაბილური მუშაობით. მე-17 საუკუნეში ევროპის ქვეყნებში მონარქებს შეეძლოთ კერძო საკუთრების ჩამორთმევა, გადასახადების თვითნებურად გაზრდა და ვალების არაღიარება. ყოველივე ეს ნიდერლანდებში უკვე ძალიან რთული იყო, ქვეყანა ფაქტობრივად აღარ იყო აბსოლუტურ მონარქიაში. ნიდერლანდებში მცხოვრებმა ვაჭარმა და მეწარმემ იცოდა, რომ მისი ქონება დაცული იყო, სასამართლო მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად იმუშავებდა და კონტრაქტი აღსრულდებოდა. ეს ამცირებდა რისკს და ზრდიდა ინვესტიციებს.
ქვეყნის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა „ოსტინდოეთის კომპანიის“ დაარსებამ, რომელიც მსოფლიოში პირველ ტრანსნაციონალურ კომპანიად მიიჩნევა და ასევე, პირველი კომპანია იყო, რომელმაც აქციები გამოუშვა. მოსახლეობა ყიდულობდა „ოსტინდოეთის“ აქციებს, რის შედეგადაც აფინანსებდნენ კომპანიის სავაჭრო და კოლონიურ ექსპანსიას აზიაში. სანაცვლოდ, კომპანიის მოგებიდან დივიდენდებს იღებდნენ. ეს ნდობა არ ჩამოყალიბდებოდა, რომ არა ფასიანი ქაღალდების სამართლებრივად აღიარება და სასამართლოს მიერ აქციონერების უფლებების დაცვა.
აქციებით ვაჭრობის დაწყებას შედეგად მოჰყვა თანამედროვე გაგებით პირველი საფონდო ბირჟის შექმნა – ამსტერდამის საფონდო ბირჟის, რამაც ნიდერლანდები ფინანსურ ცენტრად აქცია.
ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობაში გაძლიერებას (ევროპის საზღვაო ვაჭრობის ნახევარი ნიდერლანდების გემებზე მოდიოდა) მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური აღმასვლა, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა, კოლონიზაციაში ჩართულიყო. კოლონიები ჩამოაყალიბა აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. თავის მხრივ, კოლონიები ნიდერლანდების შემდგომი გამდიდრების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. კოლონიებიდან ძირითადად ნედლეული და სოფლის მეურნეობის პროდუქცია შემოჰქონდათ.
ნიდერლანდებმა ინდუსტრიალიზაცია შედარებით გვიან, მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რადგან ზღვებზე ვაჭრობაში ინგლისიდან და საფრანგეთიდან კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნიდერლანდებმა ინდუსტრიალიზაცია შედარებით მარტივად შეძლო, რადგან ქვეყანაში საჭირო კაპიტალი და ცოდნა იყო დაგროვილი. ინდუსტრიალიზაციასთან ერთად განვითარდა სარკინიგზო და შიდა საზღვაო ტრანსპორტი, როტერდამი გახდა მთავარი ლოგისტიკური ცენტრი.
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ისეთი მსხვილი ნიდერლანდური კომპანიები, როგორებიცაა: Royal Dutch Shell-ი, Philips-ი, Unilever-ი, KLM Airlines-ი და სხვა.
პირველი მსოფლიო ომის დროს ნიდერლანდებს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, მე-2 მსოფლიო ომში კი გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, რის შედეგადაც დიდი ეკონომიკური ზარალი განიცადა.
1950-1973 წლები ნიდერლანდების ეკონომიკის „ოქროს წლებია“, ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დანაკარგების აღდგენის ეფექტთან ერთად, ნიდერლანდების მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა ეკონომიკური ბუმი დასავლეთის ქვეყნებში, „მარშალის გეგმა“ (ამერიკის დახმარება) და ტექნოლოგიური პროგრესი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1959 წელს გრონინგენში აღმოჩენილმა ბუნებრივი აირის საბადომაც, სადაც გაზს 2024 წლამდე მოიპოვებდნენ, მაქსიმალური მოპოვება 1970-იან წლებში იყო.
მიუხედავად მცირე ტერიტორიისა, ნიდერლანდები გამორჩეულია სოფლის მეურნეობის განვითარებით. 2025 წელს ექსპორტზე 140 მილიარდი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა, რაც ნიდერლანდების 1.5-ტრილიონიანი ეკონომიკის 9%-ია. ამის მიზეზი სოფლის მეურნეობის მაღალი პროდუქტიულობაა, რაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებითაა განპირობებული. კვლევითი ინსტიტუტები და ფერმერები მუდმივად მუშაობენ ახალი ჯიშების გამოყვანაზე, დაავადებების კონტროლზე, ავტომატიზაციაზე, სასათბურე მეურნეობის განვითარებაზე. განსაკუთრებით გამორჩეულია ყვავილების, ბოსტნეულის, კარტოფილისა და რძის პროდუქტების წარმოება. მაგალითად, კარტოფილისა და რძის ექსპორტით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა.
თანამედროვე ნიდერლანდების ეკონომიკური სიძლიერე ეფუძნება ვაჭრობას, ფინანსებს, ტურიზმს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამსტერდამს ევროპული ოფისებისთვის ირჩევენ ისეთი ამერიკული კომპანიები, როგორებიცაა IBM, Microsoft-ი, Google-ი, Oracle-ი, Cisco, Uber-ი და Netflix-ი.
ცალკე აღსანიშნავია ნიდერლანდური კომპანია ASML, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 670 მილიარდი დოლარია და ევროპაში პირველ ადგილზეა. ASML (Advanced Semiconductor Materials Lithography) ჩიპების დასამზადებელ დანადგარებს აწარმოებს და ამ მიმართულებით პირველია მსოფლიოში. 2025 წელს კომპანიამ 33 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ნიდერლანდები ევროკავშირის (1951 წელი) და ნატოს (1949 წელი) დამფუძნებელი წევრია. დემოკრატიის დონით ნიდერლანდები მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, პრესის თავისუფლებით მე-2 ადგილზეა, ეკონომიკური თავისუფლებით მე-10 ადგილზეა, კორუფციის დაბალი დონით მე-4 ადგილზეა, ჰუმანური განვითარების ინდექსით მე-8 ადგილზეა.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
