AI-ის ბუმის ფონზე, Samsung-ის საოპერაციო მოგება 1,814%-ით გაიზარდა

AI-ის ბუმის ფონზე, Samsung-ის საოპერაციო მოგება 1,814%-ით გაიზარდა

Photo by Babak Habibi on Unsplash

Samsung Electronics-მა 2026 წლის აპრილ-ივნისის კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სამხრეთკორეული კომპანიის საოპერაციო მოგებამ 89.5 ტრილიონი ვონი (დაახლოებით €54 მილიარდი) შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 56%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19-ჯერ მეტია.

გასულ კვარტალში Samsung Electronics-ის საოპერაციო მოგების ზრდის დიდი ნაწილი კომპანიის ნახევარგამტარების ბიზნესის რეკორდულ ფინანსურ შედეგებზე მოდიოდა. კერძოდ, კომპანიამ ნახევარგამტარების ბიზნესიდან €53.8 მილიარდის საოპერაციო მოგება მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის €241 მილიონთან შედარებით თითქმის 223-ჯერ მეტია.

მკვეთრი ზრდა, პირველ რიგში, ხელოვნური ინტელექტის მუშაობისთვის საჭირო ჩიპებზე მოთხოვნის ბუმმა განაპირობა. შედეგად, იმატა როგორც AI-სერვერებისთვის განკუთვნილი ჩიპების ფასებმა, ისე მაღალი გამტარუნარიანობის მიკროსქემების (HBM-ჩიპების) ღირებულებამაც, რომლებიც AI-სისტემების მუშაობისთვის გამოიყენება.

გასული კვარტალის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა Samsung-ის შემოსავლებიც. კერძოდ, აპრილ-ივნისის პერიოდში შემოსავლები დაახლოებით €103.5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 28%-ით, ხოლო წლიურად 130%-ით მეტია. ნახევარგამტარების ბიზნესის შემოსავლებმა კი სრულად გადაფარა დანაკარგები, რომლებიც Samsung-მა მობილური მოწყობილობების, ტელევიზორებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესიდან, კომპონენტების გაძვირების გამო საოპერაციო ზარალის დაფიქსირების შედეგად მიიღო.