ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა

Forbes-WEB-26080510

წლის განმავლობაში ერთ მოსახლეზე მიღებული უცხოური ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ემიგრანტები გამომუშავებული თანხის ნაწილს თავიანთ ქვეყნებში გზავნიან. ღარიბი ქვეყნებისთვის ასეთი გზავნილები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ქვეყნების მიხედვით გზავნილების სტატისტიკას სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, რომელსაც დავეყრდნობით ამ ბლოგში. მსოფლიო ბანკს 2025 წლისთვის 161 ქვეყნის ფულადი გზავნილების ბოლო მონაცემები აქვს გამოქვეყნებული.

მსოფლიო ბანკი ფულად გზავნილებთან ერთად აღრიცხავს იმ დასაქმებულთა ანაზღაურებას, რომლებიც სასაზღვრო ზონებში, სეზონურად ან სხვა მოკლევადიან სამუშაოებზე არიან დასაქმებული სხვა ქვეყნის ეკონომიკაში.

როდესაც შედარება ხდება, თუ რომელი ქვეყანა იღებს მეტ გზავნილს ემიგრანტებისგან, ამ დროს უფრო მართებულია, გზავნილების ერთ მოსახლეზე საშუალო რაოდენობის ან ეკონომიკის მიმართ (მშპ-ის მიმართ) ფარდობა შედარდეს და არა ნომინალური რიცხვები. ლოგიკურია, რომ რაც უფრო მეტია ქვეყნის მოსახლეობა და მეტი ემიგრანტი ჰყავს, მით მეტ თანხას გადმორიცხავენ. მოსახლეობისა და ეკონომიკის მიმართ ფარდობა კი უჩვენებს, რომელი ქვეყნების კეთილდღეობასა და ეკონომიკაში თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს ემიგრანტების გზავნილები. მაგალითად, 2025 წელს, ინდოეთისთვის ემიგრანტების მიერ გადარიცხული 151 მილიარდი დოლარი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის ემიგრანტების გადმორიცხული 4 მილიარდი დოლარი.

საქართველო ფულადი გზავნილების (Remittances) რეიტინგში

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში 4.3 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,083 აშშ დოლარია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, ანუ მხოლოდ 13 ქვეყანას ჩამორჩება. 2024 წელს საქართველო რეიტინგში მე-12 ადგილზე იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში 3.6 მილიარდ დოლარამდე გადმოირიცხა, რაც 700 მლნ დოლარით ნაკლებია მსოფლიო ბანკის მაჩვენებელზე. სხვაობის მიზეზი მეთოდოლოგიაა, მსოფლიო ბანკი უცხოურ შემოსავალს (Remittances) უფრო ფართოდ განიხილავს და მხოლოდ ფულად გზავნილებს არ მოიცავს. როგორც მეთოდოლოგიაში აღვნიშნეთ, სასაზღვრო ზონებში, სეზონურად ან სხვა მოკლევადიან სამუშაოებზე დასაქმებულთა შემოსავალსაც მოიცავს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 683 მლნ დოლარი – აშშ-დან გადმოირიცხა. 621 მლნ დოლარი გადმოირიცხა იტალიიდან, 468 მლნ დოლარი – რუსეთიდან, 319 მლნ დოლარი – გერმანიიდან და 294 მლნ დოლარი – საბერძნეთიდან.

უცხოური ფულადი გზავნილები (Remittances) საქართველოში, მილიონი დოლარი

წყარო: მსოფლიო ბანკი

ქვეყნები, რომლებიც ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტ ფულად გზავნილს იღებენ

2025 წელს ფულადი გზავნილებით ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ლუქსემბურგმა მიიღო. ლუქსემბურგმა სულ 2.7 მილიარდი დოლარი მიიღო, მაგრამ რადგან მისი მოსახლეობა მხოლოდ 687 ათას ადამიანს შეადგენს, ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილები 3,936 დოლარი გამოდის.

მეორე ადგილზე ასევე პატარა ქვეყანა ტონგაა, რომელმაც 254 მლნ დოლარის გზავნილები მიიღო. ტონგაში 104 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ერთ ადამიანზე 2,446 დოლარის გზავნილი მოდის. მესამე და მეოთხე ადგილზე ხორვატია და სალვადორი არიან.

სადაც საქართველოზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და საქართველოზე მეტ გზავნილებს იღებენ, ასეთი მხოლოდ 5 ქვეყანაა: სალვადორი, ბელგია, ლიბანი, გვატემალა და ჰონდურასი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთია ყველაზე მეტად ფულად გზავნილებზე დამოკიდებული. 2025 წელს 1.4 მილიარდი დოლარის გზავნილები  მიიღო და ერთ მოსახლეზე გზავნილებით მსოფლიოში 38-ე ადგილზეა 464 დოლარით. აზერბაიჯანი 90-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 146 აშშ დოლარის გზავნილით. თურქეთი 149-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე 11.4 დოლარით. რუსეთი 151-ე ადგილზეა 11.2 დოლარით. 2025 წელს რუსეთმა სულ 1.6 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო.

მსოფლიოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ერთ მოსახლეზე ყველაზე მცირე  პაპუა–ახალ გვინეაშია – 0.40 დოლარი. შემდეგ მოდის ანგოლა 1.3 დოლარით და ქუვეითი 5 დოლარით.

ტოპ–15 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილების მიხედვით, 2025 წელი

 

ქვეყანა

ერთ მოსახლეზე, დოლარი

1

ლუქსემბურგი

3,936

2

ტონგა

2,446

3

ხორვატია

1,730

4

სალვადორი

1,586

5

მონტენეგრო

1,440

6

ბელგია

1,369

7

სამოა

1,314

8

იამაიკა

1,256

9

ლიბანი

1,234

10

გვატემალა

1,158

11

ბოსნია და ჰერცეგოვინა

1,111

12

ალბანეთი

1,091

13

ჰონდურასი

1,084

14

საქართველო

1,083

15

დომინიკელთა რესპუბლიკა

1,077

წყარო: მსოფლიო ბანკი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა