როგორ გამდიდრდა შვეიცარია?

Switz2

შვეიცარიაში მცხოვრები ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 126 ათასი დოლარია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (PPP), 106 ათასი დოლარია, თუმცა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. შვეიცარიაში 9 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ტერიტორიის სიდიდით კი საქართველოზე 1.7-ჯერ პატარაა.

1815 წელს ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით შვეიცარიამ დამოუკიდებლობა და ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. ამ დროს შვეიცარია ღარიბი ქვეყანა იყო, რომელსაც არ ჰქონდა ბუნებრივი რესურსები, არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი, შიდა ბაზარი მცირე იყო და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული. სწორედ ამ შეზღუდვებმა უბიძგა შვეიცარიას ისეთი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც ექსპორტს, ხარისხს, ტექნოლოგიასა და მაღალ პროდუქტიულობას დაეფუძნებოდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შვეიცარიაში ინდუსტრიალიზაცია იწყება. სწრაფად ვითარდებოდა ტექსტილის წარმოება. ქვანახშირის სიმცირის გამო ძირითადად წყლის ენერგიის იყენებდნენ. ამავე პერიოდში, დასავლეთ შვეიცარიაში, განსაკუთრებით ჟენევისა და იურის რეგიონში, საათების წარმოება დაიწყეს. მცირე შიდა ბაზრის გამო შვეიცარიული კომპანიები თავიდანვე უცხოელ მომხმარებლებზე იყვნენ დამოკიდებული, რაც ეკონომიკას ექსპორტზე ორიენტირებულს ხდიდა.

1847 წელს შვეიცარიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც 1948 წელს შვეიცარიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩამოყალიბება განაპირობა. ამას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა: კანტონებს შორის შემცირდა სავაჭრო ბარიერები, ჩამოყალიბდა ერთიანი ბაზარი, ხოლო 1850 წელს შემოიღეს საერთო ვალუტა – შვეიცარიული ფრანკი. 1850-იანი წლებიდან სწრაფად დაიწყო რკინიგზის მშენებლობა, რამაც შეამცირა საქონლის გადაზიდვის ხარჯები და შვეიცარიული წარმოება გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ბაზრებს უფრო მჭიდროდ დაუკავშირა.

მე-19 საუკუნის ბოლოს შვეიცარიამ მნიშვნელოვნად განავითარა ჰიდროელექტროსადგურებით ელექტროენერგიის წარმოება. 1914 წელს ერთ მოსახლეზე გამომუშავებული ელექტროენერგიით მხოლოდ ნორვეგიას ჩამორჩებოდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სწრაფ განვითარებას იწყებს შვეიცარიის საფინანსო და ფასიანი ქაღალდების სექტორებიც, რაც ეხმარება მრეწველობას გრძელვადიანი კრედიტების აღებასა და კაპიტალის მოზიდვაში.

შვეიცარიას არ შეეძლო კონკურენცია გაეწია დიდი ინდუსტრიული სახელმწიფოებისთვის ქვანახშირის, ფოლადისა და მძიმე მრეწველობის სფეროში, ამიტომ ეკონომიკა თანდათან სპეციალიზდა იმ პროდუქციაზე, სადაც გადამწყვეტი იყო ცოდნა, სიზუსტე და ხარისხი. გაიზარდა საათების წარმოება, ზუსტი მექანიკა, ქიმიური მრეწველობა და საკვების გადამუშავება. სწორედ ამ პერიოდში გაძლიერდნენ კომპანიები და ინდუსტრიები, რომლებმაც მოგვიანებით მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავეს. ცნობილი საათების ბრენდებიდან 1848 წელს დაფუძნდა Omega, 1853 წელს Tissot, 1860 წელს TAG Heuer, 1865 წელს Zenith, 1905 წელს Rolex. მსხვილი შვეიცარიული ბანკებიდან 1862 წელს დაფუძნდა UBS, 1870 წელს ციურიხის ბანკი, 1890 წელს Julius Bär, 1899 წელს Raiffeisen. 1866 წელს დაფუძნდა კვების პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Nestlé.

მე-20 საუკუნის დასაწყისში შვეიცარია უკვე ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებული ევროპული ქვეყანა იყო. ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საფუძვლად ტექნიკური განათლება, ინჟინერია და პროფესიული უნარები იქცა. პროფესიული მომზადების სისტემა კომპანიებს კვალიფიციურ მუშახელს აწვდიდა. საერთაშორისო ბაზრებზე შვეიცარიული კომპანიების მთავარი უპირატესობა ხარისხი და ინოვაციები გახდა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში შვეიცარიამ ისეთ ეკონომიკურ პროგრესს მიაღწია, რომ ამ პერიოდს „შვეიცარიულ ეკონომიკურ სასწაულს“ უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს შვეიცარიამ ნეიტრალური სტატუსო შეინარჩუნა, ეკონომიკურად მნიშვნელოვნად დაზიანდა. კიდევ უფრო დაზიანდა 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ დროს, რადგან ქვეყანა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ექსპორტზე და ვაჭრობა შეუმცირდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური სტაბილურობა, ძლიერი სამართლებრივი სისტემა და საკუთრების დაცვა შვეიცარიას შედარებით უსაფრთხო ეკონომიკურ გარემოდ ტოვებდა. ამ წლებში ქვეყნის, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრის რეპუტაცია კიდევ უფრო გაძლიერდა.

მეორე მსოფლიო ომმა ევროპის ინდუსტრიული ცენტრების დიდი ნაწილი გაანადგურა, მაგრამ შვეიცარიის ინფრასტრუქტურა და საწარმოო შესაძლებლობები ძირითადად შენარჩუნდა. როდესაც ომის შემდეგ ევროპაში მასშტაბური აღდგენა დაიწყო, შვეიცარიულ მანქანებზე, ქიმიურ პროდუქტებზე, საათებსა და სხვა საქონელზე მოთხოვნა გაიზარდა. ქვეყანას უკვე ჰქონდა კაპიტალი, მოქმედი ქარხნები და კვალიფიციური სამუშაო ძალა, რის გამოც 1950-იან წლებში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა.

1960-იანი წლებიდან შვეიცარია უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა. ტრადიციულ ინდუსტრიებთან ერთად სწრაფად განვითარდა ფარმაცია, ქიმია, სამედიცინო ტექნოლოგიები, დაზღვევა და საბანკო მომსახურება. ამავე დროს, ძლიერმა შვეიცარიულმა ფრანკმა და პოლიტიკურმა სტაბილურობამ ქვეყანა კაპიტალისთვის მიმზიდველ ადგილად აქცია.

1980 წელს შვეიცარიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლოური შემოსავალი უკვე 19,000 დოლარი იყო. 1980-იანი წლებიდან შვეიცარიის ეკონომიკა დაბალი ტემპით, მაგრამ სტაბილურად იზრდებოდა, წლიურად საშუალოდ 2%-ით, რაც მდიდარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია. შვეიცარიას მსოფლიოშიო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის სტატუსი აღარ დაუთმია.

დემოკრატიის დონით შვეიცარია დღეს მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, კერძო საკუთრების დაცვით მე-3 ადგილზე, კორუფციის დაბალი დონით მე-6 ადგილზე, ეკონომიკური თავისუფლებით კი მე-2 ადგილზე (მხოლოდ სინგაპურს ჩამორჩება).

შვეიცარიის გამდიდრება ერთი ფაქტორის შედეგი არ ყოფილა. ბანკებმა და ნეიტრალიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ საფუძველი ბევრად ადრე შეიქმნა, ესენია: ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტები (კანონის უზენაესობა, საკუთრების დაცვა, პოლიტიკური სტაბილურობა), ინფრასტრუქტურა, ექსპორტზე ორიენტაცია, პროფესიული განათლება და მუდმივი სვლა უფრო მაღალი პროდუქტიულობის წარმოებისკენ.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა