ფოტო: ucapital.com
უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც მარცვლეულის ორი მსხვილი ტერმინალი დროებით მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ნოვოროსიისკში მდებარე რუსეთის საზღვაო ბაზა იყო. მისი თქმით, უკრაინამ ოპერაციისას დრონები, რაკეტები და უპილოტო კატარღები გამოიყენა.
ნოვოროსიისკი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ჰაბია. ქვეყანა მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია და მისი მარცვლეულის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი შავი ზღვის პორტებიდან, მათ შორის ნოვოროსიისკიდან, ხორციელდება.
ნოვოროსიისკის მერის, ანდრეი კრავჩენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოთხი საწარმო და 20-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვას სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი, ემსხვერპლა.
მარცვლეულის ტერმინალების გარდა, ნოვოროსიისკში ნავთობის ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც არის განლაგებული. მათ შორისაა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ინფრასტრუქტურა, რომელიც ნაწილობრივ ამერიკულ ნავთობკომპანიებს, Chevron-სა და Exxon Mobil-ს ეკუთვნის და ყაზახეთის ნავთობს საერთაშორისო ბაზრებს აწვდის.
Financial Times-ის ცნობით, უკრაინამ CPC-ის მომსახურე ტანკერებზე თავდასხმები შეაჩერა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თხოვნით მიმართა. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, რომ ღამით განხორციელებული თავდასხმისას CPC-ის ინფრასტრუქტურა ან მილსადენიდან ნავთობის მიმღები ტანკერები დაზიანდა.
პარალელურად, რუსეთის თავდასხმას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ზაპოროჟიეში სავაჭრო ცენტრში ხანძარი მოჰყვა. რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა ოდესაშიც, უკრაინის უმსხვილეს საპორტო ქალაქში.
ზელენსკის განცხადებით, სამშაბათს კიევმა აშშ-ის მომლაპარაკებლებს ომის დასრულების გეგმის შესახებ საკუთარი წინადადებები გადასცა. შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო.














