ფოტო: AP
სოციალური მედიის პლატფორმა Reddit-ი მომავალ კვირას S&P 500-ის ინდექსს შეუერთდება, რაც კომპანიის აქციებზე მოთხოვნას ავტომატურად გაზრდის. Reddit-ის ინდექსში დამატების გამო, S&P 500-ის ფონდები, რომლებიც ტრილიონობით დოლარის აქტივებს მართავენ, კომპანიის აქციების შეძენას დაიწყებენ.
S&P Dow Jones Indices-ის განცხადებით, Reddit-ი, რომლის აქციებიც საფონდო ბაზარზე „RDDT“ ტიკერით ივაჭრება, S&P 500-ში 18 აგვისტოს, ბაზრების გახსნამდე შევა.
Reddit-ის აქციები ინდექსში უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტ AvalonBay Communities-ს ჩაანაცვლებს. AvalonBay ინდექსს ტოვებს მას შემდეგ, რაც ის Equity Residential-მა შეიძინა. ამის გამო კომპანია S&P 500-ის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
ინდექსში მოხვედრა Reddit-ს უფრო ფართო საინვესტიციო ბაზაზე წვდომას მისცემს. კომპანიის აქციები ისეთი ინდექსური ფონდების პორტფელებში მოხვდება, როგორიცაა Vanguard S&P 500 ETF და BlackRock-ის iShares Core S&P 500 ETF, ასევე Fidelity 500 Index Fund-ისა და Schwab S&P 500 Index Fund-ის მსგავსი ფონდები.
ამ ფაქტორმა Reddit-ის აქციებზე მოთხოვნა უკვე გაზარდა. პარასკევს ვაჭრობის გახსნიდან მალევე კომპანიის აქციების ფასი 15%-ით, $182-მდე გაიზარდა.
თუმცა S&P 500-ში დამატება აქციების ხანგრძლივი ზრდის გარანტიას არ წარმოადგენს. მაგალითად, Tesla-ს აქციები 2020 წლის დეკემბერში ინდექსში შესვლის შესახებ განცხადებიდან თავად დამატებამდე 60%-ით გაიზარდა. Charles Schwab-ის მონაცემებით, ეს ინდექსში დამატებით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდა იყო.
სხვა კომპანიების მაგალითები კი განსხვავებულ სურათს აჩვენებს. Workday-ის აქციები ინდექსში დამატების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თითქმის 10%-ით გაიზარდა, თუმცა 2024 წლის დეკემბერში S&P 500-ში დამატების შემდეგ პიკურ ნიშნულთან შედარებით 19%-ით დაეცა.
Reddit-ი საფონდო ბირჟაზე 2024 წლის მარტში გავიდა და იმ წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ IPO-დ მიიჩნეოდა. მას შემდეგ კომპანიამ მნიშვნელოვანი გარდაქმნა განიცადა და მოგებიანი გახდა.
Reddit-ის აქციებზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებულმა რეკორდულმა სავაჭრო დღემ, როდესაც ინვესტორებმა კომპანიის ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და Google-სა და OpenAI-სთან გაფორმებული შეთანხმებების შედეგად ახალი სარეკლამო პროდუქტების განვითარება დადებითად შეაფასეს.
S&P 500-ში მოსახვედრად კომპანიამ, სხვა მოთხოვნებთან ერთად, წინა ოთხ კვარტალში ჯამურად მოგება უნდა დააფიქსიროს და შესაბამის საბაზრო კაპიტალიზაციას უნდა აკმაყოფილებდეს.












