ფოტო: Shutterstock
უორენ ბაფეტის მიერ დაფუძნებულმა საინვესტიციო გიგანტმა Berkshire Hathaway-მა Alphabet-ში, Google-ისა და YouTube-ის მშობელ კომპანიაში, ინვესტიცია მეორე კვარტალში 83%-ით გაზარდა. შედეგად, Alphabet-ი Berkshire-ის აქციების პორტფელში მესამე უმსხვილესი პოზიცია გახდა.
Berkshire Hathaway-ის მარეგულირებელი დოკუმენტის მიხედვით, 30 ივნისის მდგომარეობით, კომპანიას Alphabet-ის თითქმის 106 მილიონი აქცია ჰქონდა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით $37.8 მილიარდს შეადგენდა. სამი თვით ადრე Berkshire-ი Alphabet-ის 57.8 მილიონ აქციას ფლობდა.
Alphabet-ში წილის ზრდა მოიცავდა $10 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას, რომლის შესახებაც კომპანიამ ივნისში განაცხადა. თანხა Alphabet-ის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოებას უნდა მოხმარდეს.
Berkshire-ის ყველაზე მსხვილი საფონდო ინვესტიცია კვლავ Apple-ია, რომლის პაკეტის ღირებულებაც ივნისის ბოლოს $66 მილიარდს შეადგენდა. მეორე ადგილზე American Express-ია $51.3 მილიარდის ღირებულების პაკეტით. Alphabet-ს Coca-Cola და Bank of America მოსდევენ.
Berkshire-მა აქციების შესყიდვები გაზარდა
Berkshire Hathaway-მ მეორე კვარტალში $23.5 მილიარდის აქციები შეიძინა, $3.7 მილიარდის აქციები კი გაყიდა. ეს 14-კვარტლიანი პერიოდის შემდეგ მოხდა, რომლის განმავლობაშიც კომპანია უფრო მეტ აქციას ყიდდა, ვიდრე ყიდულობდა.
Berkshire-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ აბელმა კომპანიის უზარმაზარი ფულადი რეზერვის შემცირება დაიწყო. ეს თანხა მას წლის ბოლოს თანამდებობიდან გადამდგარმა უორენ ბაფეტმა დაუტოვა.
Berkshire-ის ნაღდი ფულისა და მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებების მოცულობა 30 ივნისისთვის $364.7 მილიარდამდე შემცირდა, მაშინ როცა 31 მარტს ის $380.2 მილიარდს შეადგენდა. შემცირებაში დაახლოებით $4.5 მილიარდის ღირებულების საკუთარი აქციების გამოსყიდვამაც ითამაშა როლი.
ბაფეტი Berkshire-ის თავმჯდომარედ კვლავ რჩება. მან გასულ თვეში CNBC-ს განუცხადა, რომ Alphabet-ში ინვესტირების იდეა თავად ეკუთვნოდა და Berkshire-მა კომპანიის აქციების შესყიდვა გასული წლის მესამე კვარტალში დაიწყო. ბაფეტის თქმით, ის და აბელი კომპანიის კაპიტალის განაწილების საკითხებზე კონსულტაციებს კვლავ გადიან.
რა შეიცვალა Berkshire-ის პორტფელში?
Berkshire-მა მეორე კვარტალში Delta Air Lines-ის პოზიცია 44%-ით გაზარდა და კომპანიის 57.3 მილიონ აქციას მოუყარა თავი. პაკეტის ღირებულება თითქმის $5.4 მილიარდია.
Macy’s-ში ინვესტიცია კი ორჯერ მეტად გაიზარდა და დაახლოებით 7.3 მილიონ აქციას, ანუ $173 მილიონს მიაღწია.
Berkshire-მა ასევე გაზარდა სახლების სამშენებლო კომპანია Lennar-ის აქციების რაოდენობა და გაამხილა კიდევ ერთი სამშენებლო კომპანიის, D.R. Horton-ის, მცირე, $580,000-ის ღირებულების, პოზიციაზე ინფორმაცია.
ამავდროულად, კომპანიამ შეამცირა ინვესტიციები Ally Financial-ში, Bank of America-ში, Capital One-ში, თირკმლის დიალიზის პროვაიდერ DaVita-ში, საცალო ვაჭრობის კომპანია Kroger-სა და ფოლადის მწარმოებელ Nucor-ში.
Berkshire-ის პარასკევის დოკუმენტში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი ინვესტორი ახორციელებდა თითოეული აქციის ყიდვა-გაყიდვას. აბელის განცხადებით, ის კომპანიის საფონდო პორტფელის დაახლოებით 94%-ს მართავს, ხოლო საინვესტიციო მენეჯერი ტედ უეშლერი – დაახლოებით 6%-ს.
Berkshire Hathaway-ის აშშ-ის ბირჟებზე განთავსებული აქციების პორტფელი 30 ივნისისთვის $323.8 მილიარდს შეადგენდა.
საფონდო ინვესტიციების გარდა, Berkshire Hathaway ფლობს ათეულობით ბიზნესს, მათ შორის სარკინიგზო კომპანია BNSF-ს, სადაზღვევო კომპანია Geico-ს, ენერგეტიკისა და საწარმოო ბიზნესებს, ასევე საცალო ბრენდებს – Brooks-ს, Dairy Queen-ს, Fruit of the Loom-სა და See’s-ს.













