ფოტო: britannica.com
სასმელებიდან ჩაის მსოფლიოში წყლის შემდეგ ყველაზე ხშირად მოიხმარენ. 2024 წელს მისმა გლობალური წარმოებამ 7.05 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 20 წლის წინანდელ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.
ჩაის ყველაზე გავრცელებულ სახეობად კვლავ შავი ჩაი რჩება, ხოლო მწვანე ჩაი მსოფლიო წარმოების დაახლოებით მესამედს შეადგენს.
2024 წლის მონაცემებით, ჩაის წარმოების მხრივ მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა ჩინეთია. ქვეყანამ წლის განმავლობაში 3.74 მილიონი ტონა ჩაი აწარმოა, რაც გლობალური წარმოების 53%-ს შეადგენს.
მონაცემები International Tea Committee-ის მიერაა მოწოდებული და Tea & Coffee Trade Journal-ის საშუალებით გავრცელდა.
ჩინეთის წარმოების მასშტაბი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება სხვა ქვეყნებთან შედარებისას. 2024 წელს ჩინეთში წარმოებული ჩაის მოცულობა ინდოეთის, კენიის, თურქეთის, შრი-ლანკის, ვიეტნამის, ინდონეზიისა და იაპონიის ერთობლივ წარმოებას აღემატებოდა.
ჩაის წარმოების ისტორიაში ჩინეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ეს ქვეყანა მიიჩნევა ჩაის სმის კულტურის წარმოშობის ადგილად. ამასთან, ჩინეთის ბაზარზე წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნითვე მოიხმარება.
რეიტინგში მეორე ადგილზე ინდოეთია, რომელმაც 2024 წელს 1.285 მილიონი ტონა ჩაი აწარმოა. ეს გლობალური წარმოების 18%-ია.
ჩინეთთან ერთად ინდოეთზე მსოფლიოში ჩაის წარმოების 71% მოდის.
ინდოეთის მიერ წარმოებული ჩაის ნახევარზე მეტი ქვეყნის შიდა ბაზარს ხმარდება. შესაბამისად, ინდოეთი არა მხოლოდ მსოფლიოში ჩაის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარიცაა.
მესამე ადგილზე კენიაა, რომელმაც 2024 წელს 599 000 ტონა ჩაი აწარმოა. ეს მსოფლიო წარმოების 8%-ია.
კენია რეიტინგის ტოპ-8-ში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აზიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კენიის წარმოება ინდოეთის მოცულობის ნახევარზე ნაკლებია, ქვეყანა მსოფლიოში ჩაის უმსხვილესი ექსპორტიორია.
| ადგილი | ქვეყანა | 2024 წლის წარმოება | გლობალური წილი |
|---|---|---|---|
| 1 | ჩინეთი | 3.740 მლნ ტონა | 53% |
| 2 | ინდოეთი | 1.285 მლნ ტონა | 18% |
| 3 | კენია | 599 ათასი ტონა | 8% |
| 4 | თურქეთი | 273 ათასი ტონა | 4% |
| 5 | შრი-ლანკა | 262 ათასი ტონა | 4% |
| 6 | ვიეტნამი | 180 ათასი ტონა | 3% |
| 7 | ინდონეზია | 125 ათასი ტონა | 2% |
| 8 | იაპონია | 74 ათასი ტონა | 1% |
| — | 🌍 მსოფლიო | 7.053 მლნ ტონა | 100% |












