Reuters: რუსეთმა ნოვოროსიისკში დრონების თავდასხმის შემდეგ მთავარი ნავთობტერმინალის მუშაობა შეაჩერა

Reuters: რუსეთმა ნოვოროსიისკში დრონების თავდასხმის შემდეგ მთავარი ნავთობტერმინალის მუშაობა შეაჩერა

ფოტო: Getty Images

 

რუსეთმა ნოვოროსიისკის პორტში, შავი ზღვის სანაპიროზე, ნედლი ნავთობის ექსპორტი დროებით შეაჩერა. Reuters-ის ინფორმაციით, მიზეზი უკრაინული დრონების თავდასხმისა და ახალი იერიშის საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გახდა.

Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნოვოროსიისკის პორტში მდებარე Sheskharis-ის ტერმინალმა ნედლი ნავთობის ჩატვირთვა შეაჩერა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 12 აგვისტოს ღამით ნოვოროსიისკზე განხორციელებული უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმა. 14 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ქალაქში დრონების ახალი თავდასხმის საფრთხე გამოაცხადა, რის შემდეგაც ტერმინალის მუშაობა შეჩერდა.

Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ნავთობის ჩასატვირთად ნოვოროსიისკში მისული ტანკერი პორტიდან ტვირთის გარეშე გავიდა, რადგან დრონების საფრთხის გამო ოპერაციის განხორციელება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით პორტში ნედლი ნავთობის ჩატვირთვა მთლიანად შეწყდა.

ტერმინალმა ნავთობის მიღებაც შეაჩერა, რადგან მისი საცავები უკვე მაქსიმალურ ტევადობაზე იყო შევსებული.

Sheskharis-ი რუსეთის ნავთობის მთავარი საექსპორტო ტერმინალია შავი ზღვის მიმართულებით. ტერმინალი დღეში დაახლოებით 700 000 ბარელ ნედლ ნავთობს ამუშავებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ნოვოროსიისკში „უნიკალური ოპერაცია“ ჩაატარეს, რომლის დროსაც გამოიყენეს „პალიანიცას“ ტიპის რეაქტიული დრონები, „ნეპტუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები და საზღვაო დრონები.

ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის სამიზნეებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის პოზიციები, ნავმისადგომები და საპორტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

Reuters-ის ერთ-ერთი ინდუსტრიული წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ ივლისში ნოვოროსიისკიდან დღეში თითქმის 1 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი იტვირთებოდა ექსპორტისთვის. ივნისში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 800 000 ბარელს შეადგენდა.

უკრაინის მხრიდან რუსეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაგრძელებამ შესაძლოა ნოვოროსიისკიდან ნავთობის ექსპორტზე დამატებითი ზეწოლა მოახდინოს.