ფოტო: Unitree-ს ვიდეოდან
რობოტექნიკის მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Unitree-მ ახალი, მაღალსიჩქარიანი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა, რომელსაც „სუპერმენი“ უწოდა. ახალი მოდელის პრეზენტაცია კომპანიის შანხაის საფონდო ბირჟაზე დებიუტამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.
Unitree, რომელიც გაყიდვების მოცულობით მსოფლიოში ჰუმანოიდი რობოტების უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნევა, შანხაის ბირჟაზე აქციებით ვაჭრობას ოთხშაბათს დაიწყებს. კომპანიამ გასულ კვირას პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფარგლებში 6.1 მილიარდი იუანი, დაახლოებით $905 მილიონი მოიზიდა.
რობოტექნიკის მწარმოებლის განცხადებით, ახალი რობოტის შექმნას სამ თვეზე ოდნავ მეტი დასჭირდა. „სუპერმენს“ ადგილიდან 2 მეტრის სიმაღლეზე ახტომა შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე წამში 12.66 მეტრს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ Unitree-ის შანხაის ბირჟაზე დებიუტი პეკინში World Robot Conference-ის გახსნას ემთხვევა, რაც კომპანიის მიმართ ინვესტორების ყურადღებას კიდევ უფრო ზრდის. კომპანიის IPO-ს მიმართ საცალო ინვესტორების მოთხოვნამ რეკორდულ მასშტაბს მიაღწია. განაცხადებმა შეთავაზებას 8 000-ზე მეტჯერ გადააჭარბა, რაც შანხაის ტექნოლოგიურ STAR Market-ზე რეკორდული მაჩვენებელია.
Unitree-მ გასულ კვირას სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ივლისის მდგომარეობით, სხვადასხვა მოდელის დაახლოებით 18 000 ორფეხა ჰუმანოიდი რობოტი ჰქონდა წარმოებული და მიწოდებული.
კომპანიის ცნობით, ახალი „სუპერმენი“ ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და უახლოეს თვეებში მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
ცნობისთვის, ჩინურ სტარტაპს მხარს უჭერს ქვეყნის რამდენიმე გავლენიანი ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის Tencent-ი, Alibaba და DeepSeek-ი.











