რა კითხვებს აჩენს აშშ-ვენესუელის ნავთობის შეთანხმება?

რა კითხვებს აჩენს აშშ-ვენესუელის ნავთობის შეთანხმება?

აშშ-სა და ვენესუელას შორის გაფორმებულმა გრძელვადიანმა ნავთობის შეთანხმებამ, რომელიც ვაშინგტონს ვენესუელის ნავთობის მარაგების მნიშვნელოვან ნაწილზე წვდომას მისცემს, ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებსა და იურისტებში გარიგების კანონიერებასა და მისი განხორციელების მექანიზმებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა. სპეციალისტები ორივე ქვეყნის ხელისუფლებისგან შეთანხმების პირობების სრულ გამჭვირვალობას ითხოვენ. სფეროს ექსპერტების ეჭვებსა და შეფასებებს თავი მედიასააგენტო Reuters-მა მოუყარა.

შეთანხმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რაც ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმაც დაადასტურა. გარიგების ფარგლებში ვაშინგტონის კონტროლქვეშ შესაძლოა ვენესუელის დაახლოებით 65 მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგი მოექცეს. აღსანიშნავია, რომ ეს მოცულობა აღემატება აშშ-ის დადასტურებულ ნავთობის მარაგებს, რომლებიც დაახლოებით 46 მილიარდ ბარელს შეადგენს.

გარიგების პირობები საჯაროდ ჯერ სრულად არ გამოქვეყნებულა.

ამის ფონზე, ვენესუელა ნავთობთან დაკავშირებით ქვეყნის კანონმდებლობის ფართომასშტაბიან რეფორმას ახორციელებს. ხელისუფლება ათობით ერთობლივი საწარმოსა და მოქმედი კონტრაქტის ახალ პირობებზე გადაყვანას ცდილობს, თუმცა ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმება „კერძო ბიზნესთან პარტნიორობას“ ითვალისწინებს. თუმცა აშშ-ს ამ ეტაპზე არ გაუმხელია, კონკრეტულად რომელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას ვენესუელის საბადოების ოპერირებაში.

New York Times-თან საუბრისას North American Blue Energy Partners-ის (NABEP) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია აშშ-სთან თანამშრომლობას ელოდება. NABEP-ს ვენესუელელი ინვესტორი ალეხანდრო ბეტანკური ხელმძღვანელობს და ბოლო პერიოდში კარაკასსა და ვაშინგტონს შორის ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებდა. მედიის ცნობით, კომპანია შესაძლოა ამ შეთანხმების განხორციელებაშიც ჩაერთოს.

Columbia University-ის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევრის, ლუისა პალასიოსის შეფასებით, შეთანხმებამ შესაძლოა ვენესუელაში ინვესტირების რისკები კი არ შეამციროს, არამედ ქვეყნის ისედაც სუსტი ინსტიტუციური ჩარჩო კიდევ უფრო დააზიანოს.

რამდენად კანონიერია შეთანხმება?

გარიგების კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საბადოების ოპერირებისთვის საჭირო მოდელსა და კომპანიებს აშშ შეარჩევს და არა ვენესუელა.

ვენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ხელმძღვანელის, ხუან კარლოს აპიცის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება აშშ-ის მხრიდან ოფიციალურად არის აღიარებული, მომავალში მისი სასამართლოში გასაჩივრება მაინც შესაძლებელია.

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის ინფორმაციით, შეთანხმება მინიმუმ 25 წლის განმავლობაში იმოქმედებს. მისივე თქმით, პროექტი 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და დაახლოებით 209.3 მილიარდი დოლარის ჰონორარებისა და გადასახადების გენერირებას ითვალისწინებს.

ექსპერტები ვენესუელის მიერ მისაღები საგადასახადო შემოსავლების მოცულობასაც ეჭვქვეშ აყენებენ. Rice University-ის Baker Institute-ის მკვლევრის, ფრანსისკო მონალდის შეფასებით, დროებითი მთავრობის მიერ გამოცხადებული გადასახადები კანონით გათვალისწინებულთან შედარებით ძალიან დაბალია.

65 მილიარდი ბარელი – რამდენად რეალურია მოპოვება?

Reuters-ის ინფორმაციით, შეთანხმებაში შემავალი 65 მილიარდი ბარელი ნავთობი 17 საბადოზეა განაწილებული. მათი უმეტესობა ვენესუელის მთავარი ნავთობმომპოვებელი რეგიონის, ორინოკოს სარტყლის რვა დიდ ბლოკში მდებარეობს. დანარჩენი საბადოები მარაკაიბოს ტბის რეგიონშია განთავსებული.

კარაკასში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია Gas Energy Latin America-ის ანალიზით, აღნიშნულ საბადოებში დაახლოებით 63.7 მილიარდი ბარელი დადასტურებული მარაგია. მისი მოპოვება ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა ამისთვის დაახლოებით 20%-იანი აღდგენის კოეფიციენტის მიღწევაა საჭირო – მაჩვენებლის, რომელიც, მისივე შეფასებით, ამ მასშტაბით ჯერ პრაქტიკაში არ მიღწეულა.

აღსანიშნავია, რომ საბადოების ნაწილი უკვე მოქმედია, ნაწილი კი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ეს აშშ-ს საშუალებას მისცემს, თავდაპირველად ექსპორტისთვის ხელმისაწვდომი ნავთობის მოცულობიდან დაიწყოს და შემდგომ წარმოება თანდათან გაზარდოს.

მედიასააგენტოს დაკვირვებით, ამისთვის მარაკაიბოს ტბის რეგიონში არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ორინოკოს სარტყელში ახალი საბადოების განვითარება იქნება მნიშვნელოვანი. ამ უკანასკნელ რეგიონში ნავთობი განსაკუთრებით მძიმეა და მისი მოპოვება და გადამუშავება დამატებით ტექნიკურ ინფრასტრუქტურას მოითხოვს.

შეთანხმებაში აშშ-ის 55%-იანი მონაწილეობა ნიშნავს, რომ ვენესუელური ნავთობის ექსპორტი ამერიკის მიმართულებით შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამჟამად აშშ ვენესუელის ნავთობის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 60%-ს იღებს.

გარიგებას აშშ-ისთვის პოლიტიკური და ენერგეტიკული მნიშვნელობაც აქვს. დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ვენესუელიდან მიღებული დამატებითი ნავთობი აშშ-ის სტრატეგიული რეზერვის შევსებას მოხმარდება. როგორც Reuters-ი წერს, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ შეთანხმებით რეზერვისთვის ნავთობის მიწოდების უზრუნველყოფა ან როდის მოახდენს ის გავლენას ამერიკელი მომხმარებლების მიერ საწვავში გადახდილ ფასებზე.

ცნობისთვის, აშშ-ის სტრატეგიულ რეზერვებში, 21 აგვისტოს მდგომარეობით, ნავთობის მოცულობა დაახლოებით 290 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც თითქმის 44 წლის მინიმუმია.