ბილ გეიტსმა AI-ის განვითარების შეზღუდვის აუცილებლობაზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა 

ბილ გეიტსმა AI-ის განვითარების შეზღუდვის აუცილებლობაზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა 

ფოტო: Bloomberg via Getty Images

Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესების მომხრეა. ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენის შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებისადმი AI-ის მიერ მიყენებული ზიანი მის სარგებელს გადააჭარბებს.

„AI ან ყველაზე ძლიერი გამათანაბრებელი ძალა იქნება, რომელიც ოდესმე შექმნილა, ან უსამართლობის ყველაზე დიდი წყარო“, — წერს გეიტსი მის მიერ გამოქვეყნებულ 6 000-სიტყვიან წერილში, სახელწოდებით: „ტურბულენტური AI-ის ეპოქა უკვე დადგა. გადაწყვეტილებები, რომელთაც ახლა ვიღებთ, გადამწყვეტია“.

გეიტსი არც პირველია ტექნოლოგიური სფეროს იმ წამყვან ლიდერებს შორის, რომლებიც AI-ის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ღიად საუბრობენ. თუმცა მისი მოსაზრებები კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას ტექნოლოგიის გავრცელებით გამოწვეული სამუშაო ადგილების შესაძლო დაკარგვის შესახებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ AI-კომპანიები და Wall Street-ი ამ მიმართულებით ინვესტიციებს აძლიერებენ.

გეიტსი, რომელიც გასულ საუკუნეში პერსონალური კომპიუტერების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, მიიჩნევს, რომ შემდეგი ტექნოლოგიური რევოლუცია — შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი — საზოგადოებაზე გაცილებით უფრო დიდ გავლენას იქონიებს.

„საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, AI-ის ახალ ეპოქაზე გადასვლა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტურბულენტური პერიოდი იქნება“, — წერს გეიტსი და აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელები, ექსპერტები და საზოგადოება ამ გამოწვევებისთვის სათანადოდ არ ემზადებიან. „არანაირი გეგმა არ არსებობს, რომელიც AI-ეპოქაზე გადასვლას გაამარტივებს“, — აცხადებს Microsoft-ის თანადამფუძნებელი.

გეიტსის თქმით, AI-ს სხვადასხვა სფეროსთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და მედიცინისთვის, მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანაც შეუძლია, თუნდაც დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის შესაბამისი გზების მოსაძებნად. თუმცა გეიტსი AI-ის განვითარების სერიოზულ რისკებსაც არ უგულებელყოფს,  როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობა, ბავშვების საგანმანათლებლო და სოციალური განვითარების შეფერხება, ასევე არალეგალური საქმიანობებისთვის პროცესის გამარტივება.

„რაც უფრო მეტად ძლიერდება მოდელები, მით უფრო დიდი შანსია, მათ ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება და კონტროლი დავკარგოთ“, — ამბობს გეიტსი. მისივე განცხადებით, ეს რისკები სწრაფად უნდა გაკონტროლდეს და AI-ის განვითარების გლობალურად შენელებისთვის სანდო გეგმის არსებობის შემთხვევაში, მილიარდერი ამ გეგმის მხარდაჭერასაც არ გამორიცხავს.

„თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს [გეგმა] იარსებებს. გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იმდენად ძლიერია, რომ ისინი AI-ის სწრაფი განვითარებისკენ გვიბიძგებს“, — წერს გეიტსი.

AI-დან მომდინარე საფრთხეებზე გეიტსმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. ამერიკელი ბიზნესმენის თქმით, AI-მოდელები იმაზე სწრაფად და მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ვიდრე თავად ელოდა. მათ შორის, თანამედროვე მოდელებს უკვე შეუძლიათ კიბერშეტევების, ბიოტერორიზმისა და ფსიქოსოციალური ზიანის რისკების შექმნა.

გეიტსი AI-სა და რობოტების გამოყენების დაბეგვრის ინიციატივითაც გამოდის, ზუსტად ისე, როგორც ეს ადამიანების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხდება. მილიარდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა ადამიანური შრომიდან ავტომატიზაციაზე გადასვლის პროცესს შეანელებს. ამასთან ერთად კი, გეიტსი მიიჩნევს, რომ გარკვეული ტიპის სამუშაოები მხოლოდ ადამიანებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.

„ჩემი გზავნილი ლიდერებისთვის ასეთია: ახლა თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, იმოქმედოთ — მანამ, სანამ უმუშევრობა მკვეთრად გაიზრდება, საზოგადოება მნიშვნელოვნად დაზარალდება და ადამიანების ნდობა შეირყევა. თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ყველას სარგებელი მოუტანოს“, — განაცხადა გეიტსმა.