ილონ მასკი „მასკის“ რეჟისორს აკრიტიკებს: „მას პატიოსნების ნატამალიც კი არ გააჩნია“

ილონ მასკი „მასკის“ რეჟისორს აკრიტიკებს: „მას პატიოსნების ნატამალიც კი არ გააჩნია“

ფოტო: Getty Images

 

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, დოკუმენტურ ფილმ „მასკის“ რეჟისორი ალექს გიბნი გააკრიტიკა და მას „საშინელი ადამიანი“ და „გამწარებული მოხუცი“ უწოდა. მილიარდერის ადვოკატმა კი ფილმის პროდიუსერ-კომპანიას მოსალოდნელი სამართლებრივი დავის შესახებაც შეატყობინა.

მასკის კრიტიკა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ვენეციის კინოფესტივალზე ფილმის პრემიერა გაიმართა. თითქმის ოთხსაათიანმა ფილმმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა და Rotten Tomatoes-ზე პირველ 12 მიმოხილვაში 100%-იანი რეიტინგიც მიიღო.

„გიბნიმ განზრახ გადაწყვიტა, შეექმნა ჩემ წინააღმდეგ მიმართული ფილმი. მას პატიოსნების ნატამალიც კი არ გააჩნია“, – დაწერა მასკმა თავისივე პლატფორმა X-ზე.

მილიარდერმა რეჟისორს სხვა პოსტებშიც შეუტია და მას უწოდა „გამწარებული მოხუცი, რომელმაც დიდი ხნის წინ დაკარგა მიმართულება“, ასევე „საშინელ ადამიანადაც“ დაახასიათა. მასკმა ფილმისთვის შერჩეული რესპონდენტებიც გააკრიტიკა, მათ შორის ყოფილი შეყვარებული ეშლი სენტ-კლერი, ყოფილი მეუღლე ჯასტინ მასკი და მამა, ეროლ მასკი.

„გიბნიმ შეარჩია ადამიანების სია, რომლებსაც ჩემ მიმართ წყენა აქვთ ან საერთოდ არ მიცნობენ, (თუმცა მაინც აქვთ ჩემ მიმართ წყენა)“, – განაცხადა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა.

მისი თქმით, როგორც ეს ფილმი, ისე გიბნის სხვა ნამუშევრებიც „საშინლად მოსაწყენია“.

დაპირისპირებას სამართლებრივი დავის საფრთხეც დაემატა. The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, მასკის ადვოკატმა ალექს სპირომ გიბნის  კომპანია Jigsaw Productions-ს 3 სექტემბერს წერილი გაუგზავნა. წერილში საუბარი იყო ფილმში გაკეთებულ მტკიცებაზე, რომლის მიხედვითაც, მასკის კომპანია Starlink-ის თანამგზავრები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენეს.

სპიროს განცხადებით, ეს მინიშნება მცდარია და მასკის მხარეს აქვს შესაბამისი მასალები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მისი თქმით, ფილმის შექმნა „ძიებით კი არა, დასკვნით დაიწყო“ და გიბნიმ ფაქტების გადამოწმებაზე უარი თქვა.

Jigsaw Productions-მა საპასუხოდ განაცხადა, რომ ძლიერი საზოგადოებრივი ფიგურების მიმართ ღია დებატებისა და ფაქტებზე დაფუძნებული შეფასების უფლება აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის დაცული. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ეს პრინციპი, მათ შორის, ილონ მასკის თანამოაზრეებმაც უნდა დაიცვან, მიუხედავად იმისა, რომ თავად მასკი თავს „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტად“ მიიჩნევს.

ილონ მასკმა ასევე უარყო ეშლი სენტ-კლერის განცხადება, რომ მან $40-მილიონიანი კონფიდენციალურობის შეთანხმებაზე უარი თქვა, რომელიც სენტ-კლერს დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობას აუკრძალავდა. მასკის თქმით, მსგავსი შეთავაზება სენტ-კლერისთვის არასდროს გაუკეთებიათ.

„მასკი“ ვენეციის კინოფესტივალზე 9 სექტემბერს წარადგინეს. ფილმი მილიარდერის კარიერას, სიმდიდრის დაგროვების გზას და თანამედროვე ცხოვრებასა და პოლიტიკაზე მის გავლენას აჩვენებს.

გიბნიმ თავად მასკის ინტერვიუს მიღებაც სცადა, თუმცა მილიარდერი ფილმის მიმართ მისი შექმნის ადრეული ეტაპიდანვე კრიტიკულად იყო განწყობილი. დოკუმენტარში მასკის ნაცვლად მისი მსგავსი კომპიუტერულად შექმნილი ავატარია გამოყენებული, რომელიც აუდიტორიას თავად მასკის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ რეალურ განცხადებებს აცნობს.

ცნობისთვის, Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება $913 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცევს. მასკი SpaceX-ის 38%-სა და Tesla-ს დაახლოებით 11%-იან წილს ფლობს.