Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა „ამაზონი“?

„ამაზონი“ მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია გახდა. მან ბოლო 25 წლის ლიდერს, „ვოლმარტს“, გადაასწრო.
2025 წელს „ამაზონის“ შემოსავლები 717 მლრდ დოლარი იყო, 4 მლრდ დოლარით გადაასწრო სუპერმარკეტების ქსელ „ვოლმარტს“. „ამაზონის“ მოგებამ 78 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 818 მლრდ დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.8 ტრილიონი დოლარი და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. „ამაზონს“ 1.6 მლნ-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. დასაქმებულების რაოდენობით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა, მხოლოდ „ვოლმარტს“ ჩამორჩება.
გრაფიკი 1. „ამაზონისა“ და „ვოლმარტის“ წლიური შემოსავალი, მლრდ დოლარი

„ამაზონი“ 1994 წლის 5 ივლისს ამერიკელმა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა და ამავე დროს, უკვე ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა დააარსა საკუთარ ავტოფარეხში, ქალაქ სიეტლში. თავისი დანაზოგით და მშობლების დახმარებით, ჯეფმა „ამაზონში“ 300 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტირების აზრით „ამაზონის“ გაკოტრების შანსი საკმაოდ მაღალი იყო.
თავიდან კომპანიას „კადაბრა“ ერქვა და წიგნების ონლაინ (ინტერნეტ) მაღაზია იყო. დახლოებით ერთ წელიწადში სახელი შეუცვალა და „ამაზონი“ დაარქვა. ამაზონი მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარეა და კომპანიის სახელად არჩევა დიდ ამბიციაზე მიანიშნებდა.
ონლაინ მაღაზიის პირველი თანამშრომელი პროგრამისტი შელ კაფანი იყო. მომხმარებლებისთვის „ამაზონის“ ვებსაიტი 1995 წლის ივლისიდან გახდა ხელმისაწვდომი, მანამდე სატესტო რეჟიმში მუშაობდა. შეკვეთის დროს კომპანიის კარზე ზარი რეკდა და ერთ დღეს ეს ზარი ფაქტობრივად უწყვეტი გახდა. კვირაში 20,000 დოლარის წიგნები იყიდებოდა. აშკარა იყო, რომ კომპანიას დიდი წარმატება ელოდა. გაყიდვების დაწყებიდან ერთ წელიწადში მთლიანად აშშ მოიცვა და ასევე, მომხმარებლებს მსოფლიოს 45 ქვეყანაში მიაწოდა პროდუქცია. პირველივე წელს კომპანიამ ნახევარი მლნ დოლარის წიგნები გაყიდა და 8 მლნ დოლარის ინვესტიციები მოიზიდა.
„ამაზონი“ არამარტო მდიდრდებოდა, ფაქტობრივად, ინტერნეტ (ონლაინ) მარკეტინგს უყრიდა საფუძველს. უამრავი სიახლე შემოჰქონდა გზადაგზა. მაგალითად, მომხმარებელთან უკუკავშირი, როდესაც შეძენილი ნივთის შემდეგ მომხმარებელს აზრის გამოხატვა შეუძლია კომპანიის საიტზე. მანამდე წარმოუდგენელი იყო, რომ მომხმარებლისთვის ნეგატიური აზრის საჯაროდ დაფიქსირების საშუალება მიეცათ, თითქოს ეს სხვა მომხმარებლებს შეაშინებდა, თუმცა პირიქით მოხდა. შეფასებების გამო „ამაზონზე“ განთავსებული პროდუქციისადმი სანდოობა გაიზარდა.
„ამაზონის“ დაარსებიდან სამ წელიწადში კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე გაიყიდა. აქციების გაყიდვით კომპანიამ 57 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქციების გაყიდვის შედეგად, თავად ბეზოსი მილიონერი გახდა. 1999 წელს „ტაიმსმა“ ბეზოსი წლის ადამიანად დაასახელა.
მალე „ამაზონს“ სხვებმაც მიჰბაძეს და ახალი საიტები შექმნეს. სადაც წიგნები იყიდებოდა. ამიტომ 1998 წლიდან „ამაზონმა“ წიგნების გარდა სხვა ნივთებითაც დაიწყო ვაჭრობა. 1999 წელს კი ბეზოსი უკვე მილიარდერი გახდა. 1999 წლის ბოლოს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 26 მლრდ დოლარი იყო, წლიური შემოსავალი კი 1.6 მლრდ დოლარი.
2000 წელს კომპანიამ ახალი ლოგო წარადგინა, სადაც სიტყვა ამაზონში a და z ასოები ისრითაა დაკავშირებული. ეს ასოები ინგლისური ანბანის პირველი და ბოლოა და მასში ჩადებულია ის შინაარსი, რომ ნებისმიერი ასოთი დაწყებულ პროდუქტს ნახავთ „ამაზონზე“.
2000 წლამდე კომპანიის მთელი მოგება განვითარებაში იდებოდა, რის გამოც ინვესტორები წუხდნენ კიდეც, რადგან დივიდენდებს ვერ იღებდნენ. 2002 წელი „ამაზონისთვის“ რთული იყო, შეიძლება ითქვას, გაკოტრების პირას გაიარა. თუმცა კრიზისი მალე გადაიტანა და 2003 წელს 400 მლნ დოლარის მოგება ნახა.
2007 წელს კომპანიამ „ამაზონ ქინდლი“ გამოუშვა, პირველი ელექტრონული წიგნი. ასევე, გზადაგზა ყიდულობდა ინტერნეტმარკეტინგში ჩართულ სხვადასხვა კომპანიას.
კომპანიის შემოსავალი სწრაფად იზრდებოდა. 2005 წელს $8.5 მლრდ იყო, 2010 წელს კი უკვე $34 მლრდ 2015 წელს $107 მლრდ-ზე ავიდა, 2020 წელს კი 386 მლრდ დოლარზე. კომპანიის შემოსავლების ზრდა კოვიდპანდემიის დროსაც არ შეჩერებულა. პირიქით, პანდემიის გარკვეულ პერიოდებში, მაღაზიების დაკეტვის გამო, ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა გაიზარდა და „ამაზონმა“ დამატებით 100 ათასი თანამშრომელი აიყვანა.
2020 წლის იანვარში „ამაზონის“ საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს, 2024 წლის ივლისში კი 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
დღეს „ამაზონის“ მფლობელობაში 47 სუბსიდიარი კომპანიაა. თავად ბეზოსი 2018-2021 წლებში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო უწყვეტად. დღეს მსოფლიოში მესამე ადგილზეა 267 მლრდ დოლარით ილონ მასკისა და ლარი პეიჯის შემდეგ. ამჟამად ბეზოსი „ამაზონის“ მხოლოდ 8%-ს ფლობს. 1994-2021 წლებში ის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) იყო , 2021-დან კი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
