ფოტო: Illustration by C.J. Burton for Forbes
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (26.4 მილიონი აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 149.93 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 50.80%-ია. წლიურმა ზრდამ 3.91% შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, აგვისტოში ფულადი გზავნილებით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. კერძოდ, გასულ თვეში აშშ-დან საქართველოში 64.14 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 8.17%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე იტალიაა 55.22 მილიონი აშშ დოლარით. წლიურ ჭრილში ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 3.48%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზე გერმანიაა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის პოზიცია დაიკავა. გერმანიიდან აგვისტოში 31.31 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 6.84%-იანი ზრდა აღინიშნა.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში 5.07 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურ ჭრილში თითქმის 88%-ით შემცირებული მაჩვენებელია. სებ-ის ცნობით, გადმორიცხვები მნიშვნელოვნად შემცირდა ყირგიზეთიდანაც – 2.19 მილიონი აშშ დოლარი – რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 80%-ზე მეტით ჩამოუვარდება.

2026 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.6 მილიონი აშშ დოლარი (88.0 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2025 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.8%-ით მეტია.









