ცოდნიდან რეალურ ქცევამდე - DEVELOR Georgia ქართულ ბაზარზე AIBLE Simulations-ს წარადგენს

ცოდნიდან რეალურ ქცევამდე - DEVELOR Georgia ქართულ ბაზარზე AIBLE Simulations-ს წარადგენს
ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ვმუშაობთ, არამედ იმასაც, თუ როგორ ვსწავლობთ და ვავითარებთ პროფესიულ უნარებს. თანამედროვე კორპორაციულ სწავლებაში მთავარი მიზანი აღარ არის მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ ამ ცოდნის რეალურ ქცევად ჩამოყალიბება და მიღებული პროგრესის გაზომვა.
სწორედ ამ მიმართულებით DEVELOR Georgia ქართულ ბაზარზე AIBLE Simulations-ს წარადგენს – AI-ზე დაფუძნებულ სიმულაციურ პლატფორმას, რომელიც რეალისტურ ბიზნესსიტუაციებში პრაქტიკის, პერსონალიზებული უკუკავშირისა და ქცევითი პროგრესის გაზომვის შესაძლებლობას ქმნის. AIBLE-ის შესაძლებლობებზე, კორპორაციული სწავლების მომავალსა და ადამიანური უნარების განვითარებაში AI-ის როლზე Forbes Georgia მარიამ დულსკიენეს, DEVELOR Georgia-ს მმართველ დირექტორსა და DEVELOR Lithuania-ს მმართველ პარტნიორს ესაუბრა.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

მარიამ, რატომ გადაწყვიტეთ AIBLE Simulations-ის საქართველოში შემოტანა?

ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა ის, თუ რას ელიან კომპანიები თანამშრომლების განვითარების პროგრამებისგან. მხოლოდ ტრენინგის ჩატარება და მონაწილეთა კმაყოფილების შეფასება აღარ არის საკმარისი. ორგანიზაციებს სურთ დაინახონ, რეალურად შეიცვალა თუ არა თანამშრომლის ქცევა და შეუძლია თუ არა მას მიღებული ცოდნის ყოველდღიურ სამუშაო გარემოში გამოყენება.

სწორედ აქ ჩნდება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ადამიანმა შეიძლება ძალიან კარგად იცოდეს, როგორ უნდა გასცეს უკუკავშირი, მართოს კონფლიქტური სიტუაცია, წარმართოს რთული მოლაპარაკება ან გაუწიოს მომსახურება კლიენტს, მაგრამ რეალურ სიტუაციაში ამ ცოდნის გამოყენება გაცილებით რთულია.

AIBLE სწორედ ცოდნასა და რეალურ ქცევას შორის არსებულ სივრცეს ავსებს პრაქტიკით. მონაწილე აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმღები – ის მოქმედებს, იღებს გადაწყვეტილებებს, ხედავს საკუთარი მიდგომის შედეგს, იღებს უკუკავშირს და ხელახლა ცდის.

კონკრეტულად რას წარმოადგენს AIBLE?

AIBLE ქმნის უსაფრთხო და ამავდროულად რეალისტურ გარემოს, სადაც მონაწილეს შეუძლია რთული სამუშაო სიტუაციების პრაქტიკაში გავლა რეალური შედეგების რისკის გარეშე.

სიმულაციის დროს მონაწილე ესაუბრება AI-პერსონაჟს, რომელსაც აქვს კონკრეტული როლი, ემოციური მდგომარეობა, მიზნები და რეაქციები. ეს არ არის წინასწარ გაწერილი დიალოგი ან რამდენიმე მზა პასუხიდან არჩევა – AI რეალურ დროში რეაგირებს მონაწილის კომუნიკაციაზე, სვამს დამატებით კითხვებს, გამოხატავს წინააღმდეგობას და საუბრის მიმდინარეობის შესაბამისად ცვლის საკუთარ რეაქციებს.

საუბრის დასრულების შემდეგ მონაწილე იღებს პერსონალიზებულ უკუკავშირს: რა გააკეთა კარგად, სად იყო ნაკლებად ეფექტიანი და კონკრეტულად რომელი ქცევის შეცვლა დაეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში. შემდეგ კი შეუძლია იგივე სიტუაცია ხელახლა გაიაროს, განსხვავებული მიდგომა გამოცადოს და საკუთარი პროგრესი დაინახოს.

რით განსხვავდება ეს ჩვეულებრივი ონლაინ სწავლებისგან?

ონლაინ ფორმატში სწავლის პროცესი ძირითადად გვაჩვენებს, რა უნდა გავაკეთოთ. AIBLE კი გვაძლევს შესაძლებლობას, რეალურად გავაკეთოთ და გავიგოთ, რამდენად ეფექტიანად გამოგვივიდა.

ამასთან, AIBLE არ არის ზოგადი დანიშნულების AI-ჩატბოტი. თითოეული სიმულაცია კონკრეტული ბიზნესკონტექსტის, სასწავლო მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იქმნება. შესაბამისად, ის აფასებს კონკრეტულ ქცევით კომპეტენციებს – მაგალითად, აქტიურ მოსმენას, ემპათიას, საუბრის სტრუქტურირებას, სწორი კითხვების დასმას ან შეთანხმებამდე მისვლის უნარს.

მისი გამოყენება შესაძლებელია ლიდერობისა და გუნდის მართვის, უკუკავშირისა და რთული საუბრების, მოლაპარაკებების, გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, კონფლიქტების მართვისა და სხვა მიმართულებებით. განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ სცენარები შეიძლება კონკრეტული კომპანიის რეალურ სამუშაო სიტუაციებსა და გამოწვევებს მოერგოს.

როგორ იზომება შედეგი?

ეს AIBLE-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან კორპორაციულ სწავლებაში შედეგის გაზომვის შესაძლებლობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

მონაწილეს შეუძლია სიმულაცია ტრენინგამდე გაიაროს და მივიღოთ საწყისი დიაგნოსტიკა – როგორ მოქმედებს ის კონკრეტულ სიტუაციაში განვითარების პროგრამის დაწყებამდე. სწავლისა და პრაქტიკის შემდეგ იგივე კომპეტენციები კვლავ ფასდება და უკვე შეგვიძლია დავინახოთ პროგრესი კონკრეტული ქცევითი ინდიკატორების მიხედვით და დავაგენერიროთ ინდივიდუალური რეპორტები.

ეს HR-ისა და L&D-ის გუნდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ დაინახონ, სად არის რეალური უნარების დეფიციტი, რომელ კომპეტენციაში სჭირდება გუნდს მეტი მხარდაჭერა და რამდენად გადაიტანა მონაწილემ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში.

შესაბამისად, შეფასება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ კითხვით – „მოგეწონათ თუ არა ტრენინგი?“ – და შესაძლებელი ხდება რეალური ქცევითი ცვლილების დანახვა და გაზომვა.

ჩაანაცვლებს თუ არა AI ტრენერს?

არა – და ეს არც არის მისი მიზანი. ტრენერსა და სიმულაციას განვითარების პროცესში განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელი როლი აქვთ.

ტრენერი ეხმარება მონაწილეებს ახალი მიდგომების გააზრებაში, გამოცდილების გაანალიზებაში, კითხვების დასმასა და მიღებული ცოდნის საკუთარ რეალობასთან დაკავშირებაში. ადამიანური ინტერაქცია, დისკუსია, გამოცდილების გაზიარება და რეფლექსია სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილია.

AIBLE-ის მთავარი ღირებულება კი პრაქტიკაა. სიმულაცია მონაწილეს აძლევს უსაფრთხო სივრცეს, სადაც მას შეუძლია, მიღებული ცოდნა რეალისტურ სიტუაციაში გამოცადოს, შეცდომა დაუშვას, მიიღოს პერსონალიზებული უკუკავშირი და ხელახლა სცადოს – იმდენჯერ, რამდენჯერაც კონკრეტული უნარის გასამყარებლად სჭირდება.

ამიტომ AIBLE ძალიან ეფექტიანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია. მისი გამოყენება შესაძლებელია ტრენინგამდე – დიაგნოსტიკისთვის, ტრენინგის დროს – პრაქტიკისთვის, ხოლო შემდეგ – ცოდნის გასამყარებლად და ქცევითი პროგრესის გასაზომად. სწორედ ადამიანური გამოცდილებისა და ტექნოლოგიის ეს კომბინაცია გვაძლევს შესაძლებლობას, განვითარების პროცესი უფრო უწყვეტი და ეფექტიანი გავხადოთ.

რატომ არის ასეთი პროდუქტი მნიშვნელოვანი სწორედ ახლა?

სამუშაო გარემო ძალიან სწრაფად იცვლება და კომპანიებს მუდმივად უწევთ როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური უნარების განვითარება. ლიდერობა, კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, ემპათია, მოქნილობა და რთული საუბრების მართვა სულ უფრო მნიშვნელოვანი კომპეტენციები ხდება.

ამიტომ კომპანიებისთვის მთავარი კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, ჩაატარონ თუ არა ტრენინგი. უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი განვითარების პროცესის შექმნა, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოს უკავშირდება, ადამიანს პრაქტიკის შესაძლებლობას აძლევს და მიღებულ შედეგსაც გაზომვადს ხდის.

რას შეცვლის AIBLE ქართულ კორპორაციულ ბაზარზე?

ქართული კომპანიები თანამშრომლების განვითარებაში სულ უფრო გააზრებულ ინვესტიციას ახორციელებენ და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკების მიმართ ინტერესიც აშკარად იზრდება. ვფიქრობ, სწავლების შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო პრაქტიკული, პერსონალიზებული და გაზომვადი გახდება.

ჩვენ უკვე ჩავატარეთ AIBLE-ის პირველი გაცნობითი ვორკშოპი საქართველოში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გამოეცადათ AI-პერსონაჟთან რეალისტური ბიზნესსაუბარი და ენახათ, როგორ გარდაიქმნება მათი კომუნიკაცია კონკრეტულ და გაზომვად უკუკავშირად.

ჩვენი მიზანი კომპანიებისთვის უბრალოდ კიდევ ერთი AI–პროდუქტის შევთავაზება არ გახლავთ. გვინდა, კორპორაციული სწავლება ცოდნის მიღებიდან რეალურ ქცევით ცვლილებამდე მივიყვანოთ – ცვლილებამდე, რომლის დანახვა, გაზომვა და შემდგომი განვითარებაც შესაძლებელია.

ჩემთვის სწორედ ეს არის AIBLE-ის მთავარი ღირებულება: ტექნოლოგია ხდება ადამიანის განვითარების მხარდამჭერი ინსტრუმენტი, რომელიც მიღებული ცოდნის რეალურ ქცევად გარდაქმნაში გვეხმარება.

S