Converse-ის რეკლამასთან დაკავშირებული სკანდალისა და მბაპეს წასვლის ფონზე Nike-ის აქციების ფასი კიდევ უფრო დაეცა

Converse-ის რეკლამასთან დაკავშირებული სკანდალისა და მბაპეს წასვლის ფონზე Nike-ის აქციების ფასი კიდევ უფრო დაეცა

ფოტო: Reuters

Nike-ის აქციების ფასი ორშაბათს, სავაჭრო დღის დასაწყისში, დაახლოებით 0.4%-ით შემცირდა. აქციების გაუფასურება Converse-ის სარეკლამო კამპანიის გამო კრიტიკასა და ფრანგ ფეხბურთელ კილიან მბაპესთან თითქმის ოცწლიანი სარეკლამო პარტნიორობის დასრულებას მოჰყვა.

გასულ კვირასთან შედარებით Nike-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ Nike-მა, რომელიც Converse-ის მფლობელია, ბრენდის კამპანიის გამო ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც კრიტიკოსებმა რეკლამაში რასისტულ სიმბოლიკასთან, მათ შორის „კუ-კლუქს-კლანის“ გამოსახულებებთან, მსგავსება დაინახეს.

Nike-ის განცხადებით, კომპანიას ესმის, რატომ იყო გამოსახულება „ღრმად შემაშფოთებელი“. Nike-ის თქმით, რეკლამა მისი არხებიდან წაიშალა და კომპანია მის სრულად ამოღებაზე მუშაობს.

რაც შეეხება უშუალოდ რეკლამას, მასში ადამიანის სხეულის ქვედა ნაწილი იყო გამოსახული, რომელსაც თეთრი სამოსი ეცვა და ხელში შავი Converse-ის ფეხსაცმელები ეჭირა. კრიტიკოსებმა თეთრ სამოსში „კუ-კლუქს-კლანის“ წევრის სამოსთან, ხოლო ფეხსაცმლების განლაგებაში ლინჩის მსხვერპლის ჩამოკიდებულ ფეხებთან მსგავსება დაინახეს.

Converse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აარონ კეინმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ მსგავსი გამოსახულებები რეკლამაში არ უნდა გამოყენებულიყო. მისი თქმით, კომპანიამ კრიტიკის გაჩენისთანავე დაიწყო კამპანიის ყველა არხიდან წაშლა და შიდა განხილვის პროცესის გადახედვას გეგმავს.

Nike-სთვის კიდევ ერთი დარტყმა კილიან მბაპესთან თანამშრომლობის დასრულება გახდა. ფრანგი ფეხბურთელი კომპანიასთან თითქმის 20-წლიანი პარტნიორობის შემდეგ Nike-ს გამოეყო და შვეიცარიულ სპორტული ტანსაცმლის ბრენდ On-ს შეუერთდა.

მბაპე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, Forbes-ის 2026 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში მე-12 ადგილს იკავებს და ფეხბურთელებს შორის მეოთხეა.

„Nike-თან 20 შესანიშნავი წელი მაკავშირებს და მათ მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა“, – განაცხადა მბაპემ. მისი თქმით, On-თან საუბრის შემდეგ უფრო მეტად დარწმუნდა, რომ კომპანიის პროექტისა და ფეხბურთის მიმართულების განვითარების ნაწილის უნდა გამხდარიყო.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, On-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა.

Nike-ის აქციების ფასი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 50%-იანი კლება დაფიქსირდა. მიმდინარე თვეში კომპანია S&P 100-ის ინდექსიდანაც ამოიღეს. Fortune-ის ინფორმაციით, Nike-მა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საბაზრო კაპიტალიზაციიდან $200 მილიარდზე მეტი დაკარგა.

Forbes Georgia, ვებრედაქტორი