Optio-მ $1 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა, კომპანია SaaS მოდელს ამატებს და ახალ ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს

Optio-მ $1 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა, კომპანია SaaS მოდელს ამატებს და ახალ ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს

Optio-მ ერთი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საინვესტიციო რაუნდის დახურვის შესახებ განაცხადა. აღნიშნული დაფინანსების მიზანია, დააჩქაროს პროდუქტის SaaS მოდელის განვითარება და ხელი შეუწყოს კომპანიის გაფართოებას ახალ ბაზრებზე.

“დაფინანსების ეს რაუნდი საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუშაობა პროდუქტზე, რომელიც უკვე წარმატებით დაინერგა საქართველოში და  ის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავიტანოთ”, — აცხადებს Optio-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (CEO) შოთა გიორგობიანი, — “წლების წინ ჩვენ პროდუქტის მიწოდება დავიწყეთ როგორც On-Premise გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს უკვე ენდობიან ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები. ახლა ჩვენი მიზანია, პროდუქტი ბევრად ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვა სექტორებისთვისაც და გავაფართოოთ საერთაშორისო წარმომადგენლობა, რათა გაცილებით დიდ ბაზარს მოვემსახუროთ”.

SaaS მოდელი ნიშნავს მიწოდების ახალ არხს ფინანსური სექტორის მიღმა არსებული კომპანიებისთვის, მათთვის, ვისაც სჭირდება უფრო სწრაფი დანერგვა და ოპერირებს ნაკლებად რეგულირებად სფეროებში, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, საცალო ვაჭრობა, ფარმაცია, ჯანდაცვა და ა.შ.

დაფინანსების ახალი რაუნდი არის პროდუქტის სწრაფი განვითარების შესაძლებლობა, რათა კომპანიამ კიდევ უფრო დიდი კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს და მარკეტერებს მეტი ინოვაცია და ავტომატიზაცია შესთავაზოს  არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.

გაიგეთ მეტი Optio-ს გუნდის შესახებ ჩვენი სტატიიდან:  უნიკალური ტრაექტორია

Optio არის პლატფორმა, რომელიც კომპანიებს საკუთარი მომხმარებლებისთვის სწორი შეთავაზებების მიწოდებაში ეხმარება. პროდუქტი საქართველოში შეიქმნა, თუმცა მას მხარს უჭერენ და მის ინვესტორებს შორის არიან საერთაშორისო აქსელერატორები: Techstars — მსოფლიოში ცნობილი ამერიკული სტარტაპ-აქსელერატორი, რომლის ქსელშიც შედიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Uber, Digital Ocean და SendGrid; და StartupYard — ევროპის უძველესი აქსელერატორი, რომელიც პრაღაში მდებარეობს.

Optio-ს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის „ყველაზე პერსპექტიული სტარტაპის“ ჯილდო და Fincluders-ის სპეციალური ჯილდო, ასევე დასახელებული იყო AWS-ის მიერ ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ ნოვატორად (Gamechangers). Optio ასევე ფლობს რამდენიმე აღიარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA).

Optio-ს აქვს ძლიერი პოზიციები ადგილობრივ ფინანსურ სექტორში. მის მომხმარებლებს შორის არიან ქვეყნის წამყვანი ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, მათ შორის: ლიბერთი ბანკი, კრისტალი, სილქ ბანკი, ტერაბანკი და ჯი პი აი ჰოლდინგი.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი