ფოტო: Getty Images
2025 წელს, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, $132.3 მილიარდის მოცულობის კომპენსაციის პაკეტი მიიღო, რაც აშშ-ის CEO-ებს შორის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეს თანხა წარმოდგენილი რეიტინგის წევრ ყველა სხვა აღმასრულებლის კომპენსაციას ერთად აღებულს აღემატება. თუმცა მასკს ეს თანხა ნაღდი ფულის სახით არ მიუღია, რაც ამ მოცემულობას მცირედით ცვლის.
Visual Capitalist-ის რეიტინგში, რომელიც Equilar-ისა და The New York Times-ის მონაცემებს ეყრდნობა, კომპანიების ხელმძღვანელები 2025 წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი კომპენსაციების მიხედვით არიან განლაგებულნი. კომპენსაციაში შედის ხელფასი, ბონუსები, აქციებისა და ოფციონების ჯილდოები და სხვა სარგებელი. აქციებისა და ოფციონების ღირებულება მათი გაცემის მომენტისთვისაა შეფასებული, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ეს თანხები აუცილებლად CEO-ს მიერ რეალურად მიღებულ ნაღდ ფულს ასახავს.
მასკი $132.3 მილიარდის ოდენობის კომპენსაციის პაკეტის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ Tesla მომდევნო ათ წელიწადში დასახულ ამბიციურ მიზნებს შეასრულებს. მარეგულირებელი დოკუმენტების თანახმად, მასკისთვის გათვალისწინებული ჯილდო აქციების 12 ტრანშად არის დაყოფილი. თითოეულის მისაღებად, გარკვეულ პერიოდში, მასკის კომპანიამ ერთდროულად უნდა მიაღწიოს როგორც კონკრეტულ საბაზრო კაპიტალიზაციას, ისე ოპერაციულ მიზანს.
გეგმით გათვალისწინებულია, რომ Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლები $2 ტრილიონიდან $8.5 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს. ხოლო ოპერაციული მიზნები მოიცავს როგორც ავტომობილების წარმოების რაოდენობას, ასევე თვითმართვად ავტომობილებს, რობოტებს, რობოტაქსებსა და ა.შ.
ყოველი შესრულებული ეტაპის შემდეგ მასკი Tesla-ს აქციების დაახლოებით 1%-ს მიიღებს და ამ აქციებზე ხმის უფლებაც ექნება. თუმცა აქციების სრულად მისაღებად მასკმა Tesla-ში მუშაობა შესაბამისი 7.5- ან 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში უნდა განაგრძოს. ბოლო, მე-12 ეტაპის შესრულებისთვის კი Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $8.5 ტრილიონს უნდა მიაღწიოს და კომპანიამ 12-ვე დასახული ოპერაციული მიზანი უნდა შეასრულოს.
მნიშვნელოვანია, რომ $132.3 მილიარდი მასკისთვის 2025 წელს გადახდილი თანხა არ არის. ეს არის მისი კომპენსაციის პაკეტის ღირებულება იმ მომენტში, როდესაც ის მას გადაეცა.
Tesla-ს გამოკლებითაც, 2025 წელს ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების ანაზღაურებამ რეკორდულად მაღალი ნიშნული აჩვენა. მეორე ადგილზე Figma-ს CEO დილან ფილდია, რომლის კომპენსაციამ $864 მილიონი შეადგინა. მას მოჰყვებიან Welltower-ის CEO შანკჰ მიტრა — $821 მილიონით და Opendoor-ის CEO კასრა ნეჯატიანი — $741 მილიონით.
ცნობისთვის, 2025 წელს, ამერიკის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ს მედიანური კომპენსაცია $39.4 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 35.8%-ით მეტია.
ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ები 2025 წლისთვის:
| ადგილი | CEO | კომპანია | ანაზღაურება (2025) |
| 1 | ილონ მასკი | Tesla | $132.3 მილიარდი |
| 2 | დილან ფილდი | Figma | $864 მილიონი |
| 3 | შანკჰ მიტრა | Welltower | $821 მილიონი |
| 4 | კასრა ნეჯატიანი | Opendoor | $741 მილიონი |
| 5 | არ ჯეი სკარინჯი | Rivian | $403 მილიონი |
| 6 | ნირაჯ შაჰი | Wayfair | $281 მილიონი |
| 7 | ჰოკ ტანი | Broadcom | $205 მილიონი |
| 8 | დევიდ ზასლავი | Warner Bros. Discovery | $165 მილიონი |
| 9 | დევიდ სოლომონი | Goldman Sachs | $119 მილიონი |
| 10 | ნიკეშ არორა | Palo Alto Networks | $100 მილიონი |
| 11 | კრისტოფერ ბრიტი | Chime Financial | $99 მილიონი |
| 12 | სატია ნადელა | Microsoft | $96 მილიონი |
| 13 | ჯეინ ფრეიზერი | Citigroup | $96 მილიონი |
| 14 | ჩარლზ შარფი | Wells Fargo | $95 მილიონი |
| 15 | ლიპ-ბუ ტანი | Intel | $93 მილიონი |













