ფოტო: Getty Images
Oracle-ის წლიურმა ანგარიშმა კომპანიის ხელმძღვანელების ანაზღაურებასა და თანამშრომლების ხელფასებს შორის მკვეთრი სხვაობა გამოავლინა. ანგარიშის თანახმად, Oracle-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა კლეიტონ მაგუირკმა კომპანიის თანამშრომლების საშუალო ანაზღაურებაზე 6,623-ჯერ მეტი თანხის კომპენსაცია მიიღო.
Oracle-ის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მაგუირკის აქციების ოფციონების პაკეტი $621.7 მილიონად იყო შეფასებული, მაშინ როდესაც Oracle-ის თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება $94,740-ს შეადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ თანამშრომლის მიერ საშუალოდ გამომუშავებულ ყოველ $1-ზე მაგუირკის ანაზღაურება $6,623-ს უტოლდებოდა.
შედარებისთვის, 2025 ფისკალურ წელს Oracle-ში CEO-სა და კომპანიის თანამშრომლის საშუალო ანაზღაურებებს შორის თანაფარდობა მხოლოდ 11:1 იყო. იმ პერიოდში კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა საფრა კაცმა ჯამში $1.1 მილიონის კომპენსაცია მიიღო, მაშინ როდესაც თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება $98,899 იყო. კაცმა თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა. მის ადგილას კომპანიის თანააღმასრულებელ დირექტორებად კლეიტონ მაგუირკი და მაიკ სიცილია დაინიშნენ.
პარასკევს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ Oracle-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ლარი ელისონმა, პირადი სესხების უზრუნველყოფის მიზნით დამატებით კომპანიის 67 მილიონი აქცია დააგირავა. შედეგად, Oracle-ის დაგირავებული აქციების რაოდენობა 346 მილიონიდან 413 მილიონამდე გაიზარდა. ცნობისთვის, პარასკევის საბაზო ფასით, ამ აქციების ღირებულება $56.6 მილიარდს შეადგენდა.
ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ელისონთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2026 ფისკალურ წელს Oracle-ისგან დაახლოებით $32.3 მილიონის ღირებულების პროდუქტები და სერვისები შეიძინეს. ამ თანხიდან თითქმის $22 მილიონი ელისონის მიერ 2015 წელს დაარსებულ Ellison Institute of Technology-ზე მოდის.
ორშაბათის მდგომარეობით, Oracle-ის თითო აქციის ღირებულება $133-ს შეადგენს. შედეგად, წლის დასაწყისთან შედარებით, მათი ფასი 30%-ზე მეტით არის შემცირებული.















