23 წლის შემდეგ, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ერაყს ტოვებენ

23 წლის შემდეგ, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ერაყს ტოვებენ

ფოტო: Reuters

 

აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყში დარჩენილი ამერიკული ბაზებიდან გასვლას დღეს გეგმავენ. ამ ნაბიჯს გამარჯვებად მიიჩნევენ ირანი და მისი მოკავშირეები, რომლებსაც უკვე დიდი გავლენა აქვთ ერაყში – ქვეყანაში, სადაც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომს 4,500 ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა.

ერაყელი უსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ერაყიდან ძალების გაყვანა, რაზეც შეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს, 2024 წელს შედგა, ხოლო განხორციელება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო, თეირანსა და მის ძლიერ მოკავშირეებს ხელ-ფეხს გაუხსნის. ამავდროულად კი აშშ-ის სხვა მტრებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“, დაბრუნების საშუალებას მისცემს.

„კოალიციური ძალების გასვლით ირანი სტრატეგიულ სარგებელს მიიღებს, რადგან ქრება სამხედრო ძალა, რომელიც წლების განმავლობაში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდა ერაყში“, – განაცხადა ჯასიმ ალ-ბაჰადლიმ, უსაფრთხოების საკითხებში ერაყელმა ანალიტიკოსმა, რომლის სპეციალობაც ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული შიიტური დაჯგუფებების შესწავლაა.

მისი პროგნოზით, ირანის მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებები ამ ფაქტს არა მხოლოდ საკუთარი მოძრაობის გამარჯვებად წარმოაჩენენ, არამედ შეეცდებიან, ეს იმპულსი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენონ.

აბუ მოჯთაბა ალ-იასირიმ, „ერაყის ისლამური წინააღმდეგობის“ მეთაურმა, აშშ-ის ძალების გასვლა შეაფასა, როგორც „ისტორიული გამარჯვება ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფებისა და ღირსეული ერაყელებისთვის, ხოლო ამერიკული პროექტისთვის – გამანადგურებელი მარცხი“.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები ერაყში სუნიტი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დასამხობად 2003 წელს შეიჭრა. კოალიციურმა ძალებმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა ჩამოაყალიბა. ამერიკელი სამხედროები აწარმოებდნენ მრავალწლიან ბრძოლას ამბოხებულთა წინააღმდეგ, ვიდრე 2011 წელს ერაყი არ დატოვეს.

თუმცა გასვლიდან სამი წლის შემდეგ ერაყის ძალების სუნიტურ რადიკალურ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში დასახმარებლად დაბრუნდნენ და მასშტაბურ ომში ჩაერთნენ, რომელიც 2014-დან 2017 წლამდე მიმდინარეობდა.

ოპერაცია „ერაყის თავისუფლების“ ფარგლებში დაახლოებით ორჯერ მეტი ამერიკელი დაიღუპა, ვიდრე ავღანეთში პარალელურად მიმდინარე ომში, რომელიც 2021 წელს აშშ-ის ძალების ნაჩქარევი გასვლით დასრულდა.

ბოლო წლებში ერაყი იყო ერთადერთი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მჭიდრო პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსს ინარჩუნებდა როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე ირანთან. ეს უკანასკნელი კი ერაყის ტერიტორიას მესამე მხარის ჩართულობით საომარი მოქმედებების საწარმოებლად იყენებდა.

ირანი, რომელიც აცხადებს, რომ მისი საბოლოო მიზანი ამერიკული ძალების მთელი ახლო აღმოსავლეთიდან გაყვანაა, ერაყიდან აშშ-ის გასვლას საკუთარი „წინააღმდეგობის ღერძის“ (Axis of Resistance) გამარჯვებად წარმოაჩენს.

ვაშინგტონმა ერაყში მოქმედი, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართო კონფლიქტში თეირანის მითითებით მონაწილეობასა და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებში არაერთხელ დაადანაშაულა.

ერაყის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები როგორც ფედერალური მთავრობიდან, ისე ნახევრად ავტონომიური ჩრდილოეთ ქურთისტანის რეგიონიდან მიიჩნევს, რომ აშშ-ის ძალების გასვლამ შესაძლოა ახალი ძალა შესძინოს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი თვითგამოცხადებული ხალიფატი თითქმის ათი წლის წინ დამარცხდა, დაჯგუფება ფარული ტერორისტული უჯრედების ქსელს ერაყში კვლავ ინარჩუნებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.