ჟურნალ Forbes-ის პროექტი Under 30 ყოველწლიურად იმ 30 წლამდე ახალგაზრდებს აჯილდოებს, რომლებსაც სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა უცვლელი ღირებულებაა, ამიტომ ბანკი წელს პროექტის გენერალური პარტნიორია.
ამ ინტერვიუში განათლებისა და მეცნიერების კატეგორიაში წლევანდელ გამარჯვებულს, ნინო ჩხარტიშვილს გაგაცნობთ, რომელიც ურბანული ტრანსპორტისა და მობილობის მკვლევარია. ნინოს მიზანი ისეთი თანამედროვე ქალაქების დაგეგმარებაა, სადაც გარემო არა მხოლოდ შენობებისა და ქუჩების ერთობლიობა, არამედ ადამიანებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და კომფორტულია.
თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს იდეა
ნინოსთვის პროფესიული არჩევანი და მიზნები თბილისის უახლესმა ისტორიამ განსაზღვრა:
„გარდამტეხი მომენტი 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის ტრაგედია გახდა, ყველაზე მძაფრი ემოცია, რაც ჩემს მეხსიერებას შეგნებული ასაკიდან შემორჩა. მაშინ პირველად გავაცნობიერე, თუ რამხელა ზეგავლენა აქვს ქალაქგეგმარებას მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომ პროფესიული განათლების გზაზე ბევრი არ მიფიქრია, თუ რომელ სფეროს დავუკავშირებდი ჩემს მომავალს“, – გვიყვება ნინო.
კარიერის დაწყებისთანავე კომპანია STS-ში ნინომ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე იმუშავა, როგორებიცაა სიღნაღის მულტიმოდალური ტრანსპორტის გეგმა, თბილისისა და ბათუმის ველობილიკების გენგეგმა და თბილისის საავტობუსო დერეფნების დაგეგმარება. მისი მთავარი ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ ქალაქი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს:
„თითოეული პროექტი მიზნად ისახავდა, დაგვეგეგმარებინა ყველასთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, სანდო და ინკლუზიური სატრანსპორტო სისტემები. ქალაქებში კომფორტული გადაადგილება არ უნდა იყოს კერძო ავტომობილთან და სოციალურ სტატუსთან დაკავშირებული პრივილეგია“, – აღნიშნავს ნინო.
ევროპული გამოცდილება ქართული ქალაქებისთვის
განათლების გზას დღეს ნინო ფინეთში აგრძელებს. ჰელსინკის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და ფინეთის სახელმწიფო ტექნიკურ კვლევით ცენტრში (VTT) დასაქმება შესაძლებლობას აძლევს, ურბანული ტრანსპორტის ავტომატიზაციასა და ელექტრიფიკაციაზე იმუშაოს. მისი მიზანია, შეიქმნას გამონაბოლქვისგან თავისუფალი გარემო, სადაც მშობლებს შვილების სკოლაში დამოუკიდებლად გაშვება არ შეეშინდებათ. თუმცა, მიღებული დასავლური გამოცდილების მთავარი ადრესატი კვლავ მისი სამშობლოა:
„ჩემი უმთავრესი მიზანია, სიღრმისეულად შევისწავლო საქართველოს ურბანული გამოწვევები და ფინეთში მიღებული ცოდნა ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად გამოვიყენო. თბილისის მაგალითზე მინდა, პოსტსაბჭოთა ქალაქებში მდგრადი ურბანული მობილობის მემკვიდრეობა და პერსპექტივები ვიკვლიო“, – ამბობს ნინო.
გასულ წელს ნინო მსოფლიო მასშტაბით იმ 30 ახალგაზრდა ლიდერს შორის მოხვდა, რომლებიც მდგრადი მობილობის მომავალს ცვლიან და მოიპოვა ტიტული Remarkable Young Voice in Transport (TUMI / Women Mobilize Women).
განათლების რთული გზა და აღიარება საკუთარ ქვეყანაში
პროფესიული წარმატების მიღმა ხშირად ის რთული გზა რჩება, რომლის გავლაც ახალგაზრდებს უწევთ:
„ხშირად განათლების გზაზე მხოლოდ მიღწეული წარმატება ჩანს. ყურადღების მიღმა რჩება ის სირთულეებით აღსავსე გზა, რაც ამ წარმატების მისაღწევადაა საჭირო. მინდა ჩემი პროფესიული და აკადემიური ძალისხმევით მომავალ თაობებს ეს სირთულეები შევუმსუბუქო, რათა იბრძოლონ, იშრომონ და სიძნელეების გამო არ გაჩერდნენ“, – ამბობს ნინო.
საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, ნინოსთვის ყველაზე ემოციური საკუთარ ქვეყანაში მიღებული დაფასებაა. Forbes Under 30 მისთვის არა მხოლოდ ჯილდო, არამედ მძლავრი პლატფორმაა საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად:
„საკუთარ ქვეყანაში აღიარება სულ სხვა შეგრძნებაა. Forbes Under 30-ის ნომინანტობა ძალიან დიდი მოტივაცია და იმედია. ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოტივირებული, საზრიანი და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ჰყავს, დარწმუნებული ვარ წინ ბევრი დადებითი ცვლილება ელოდება“, – გვიყვება ნინო.
ქვეყნის უკეთეს მომავალს სწორედ ახალი თაობა ქმნის. ამიტომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, აღმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს ნინოს მსგავს ენთუზიაზმით სავსე, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მისცეს მათ მოტივაცია, რომ განათლებისა გზაზე არ გაჩერდნენ.
S










