AI-ის ეპოქაში გიორგი მარიამიძის ფსონი ტექნოლოგიაზე კი არა, მათი სწორად გამოყენების მცოდნე ადამიანებზეა. 6,000-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, მის მიერ დაფუძნებული Skillwill-ი ახალ პროფესიულ პროგრამებს ქმნის, ბიზნესებს AI-ის დანერგვაში ეხმარება და თბილისისა და ბათუმის შემდეგ ქუთაისში ფართოვდება.
ბოლო პერიოდში Skillwill-ი განსაკუთრებით გააქტიურდა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით და არაერთი ინიციატივაც განახორციელა. მათ შორის იყო „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ (BAG) პარტნიორობით მენეჯერებისთვის გამართული ინტენსიური პროგრამა და AI For Business Workshop-ი. ამავე პერიოდში კოლეჯში შეიმუშავეს ხუთი სრულიად ახალი პროფესიული სადიპლომო პროგრამა, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა.
Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე მიიჩნევს, რომ AI-ის ეპოქაში კონკურენტული უპირატესობა არა ტექნოლოგიით, არამედ ადამიანებითა და მათი ცოდნით იწყება. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული კომპანიის ბოლოდროინდელი სტრატეგია, როგორც ბიზნესგანათლების, ისე პროფესიული პროგრამების მიმართულებით.
„ბოლო დროს ქართული ბიზნესის დამოკიდებულება AI-ის მიმართ ძირეულად შეიცვალა: ადრე კომპანიებში საკუთარ თავს ეკითხებოდნენ, სჭირდებოდათ თუ არა ხელოვნური ინტელექტი, დღეს მთავარი კითხვა კი ისაა, თუ როგორ დანერგონ ის სწორად და სწრაფად, რომ რეალური კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ“, – ამბობს გიორგი.

სწორედ ამ საჭიროებამ განაპირობა BAG-თან პარტნიორობა და კომპანიების მმართველი რგოლისთვის ჩატარებული ინტენსიური ვორკშოპი, სადაც ფოკუსი არ ყოფილა AI-ინსტრუმენტების თუ პროგრამების ახსნაზე, არამედ საუბარი შეეხო ერთ კონკრეტულ საკითხს: როგორ იცვლება კომპანიების მუშაობის მოდელი, რა ავტომატიზდება და როგორ იგეგმება დანერგვის რეალური სამოქმედო გეგმა.
ამას მოჰყვა AI For Business Workshop-ი — დახურული ფორმატი სპეციალურად ტოპ-მენეჯმენტისთვის, სადაც ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს AI-ის სტრატეგიულ დანერგვაზე.
შეხვედრები მთლიანად პრაქტიკულ გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული, რადგან Skillwill-ში სჯერათ, რომ ცოდნას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის რეალურ შედეგებად გარდაიქმნება — CEO-ს მხოლოდ კონკრეტული პროგრამა ან ინსტრუმენტი კი არ აინტერესებს, არამედ ის, თუ როგორ შეიცვლება მისი ბიზნესი მომდევნო წლებში.
„გლობალური სურათიც მსგავს ტენდენციას აჩვენებს. McKinsey-ის 2025 წლის კვლევის მიხედვით, კომპანიები AI-ს ყველაზე აქტიურად IT-ში, მარკეტინგსა და მომხმარებელთა მომსახურებაში ნერგავენ, სადაც პროდუქტიულობა ყველაზე სწრაფად იზრდება. Google-ი და Microsoft-ი იმ კომპანიების რიცხვშია, რომლებმაც AI-ასისტენტები ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში ჩართეს, რათა თანამშრომლებმა მეტი დრო სტრატეგიულ და შემოქმედებით ამოცანებს დაუთმონ“, – აღნიშნავს გიორგი მარიამიძე.
Skillwill-ისთვის ეს ცვლილებები საკუთარი მისიის გაფართოებასაც ნიშნავს. კომპანია დღეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება აღარ არის, ის ბიზნესებსაც ეხმარება ტრანსფორმაციაში, რადგან ცალკეული თანამშრომლის გადამზადება არაფრის მომცემია, თუ თავად ორგანიზაცია არ იცვლება.
ამ ხედვის გაგრძელებაა ხუთი ახალი პროფესიული პროგრამა, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაემატა კოლეჯის მიმართულებებს, ესენია:
- მონაცემთა ანალიტიკა
- ციფრული მარკეტინგი
- ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და პროცესების ავტომატიზაცია
- IT-პროექტების მართვა
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება.
რაც შეეხება AI-ის განვითარების შედეგად სამუშაო ადგილების შემცირების შიშს, გიორგი მარიამიძე ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს კი არ ანაცვლებს, ადამიანებს ანაცვლებენ ის ადამიანები, ვინც AI-ინსტრუმენტებს უკეთ ფლობს — ტექნოლოგიური ცვლილებები ისტორიულად ამცირებდა ზოგიერთ პროფესიას და იმავდროულად ქმნიდა ახალს.
„ქვეყანას ჰყავს ნიჭიერი ადამიანები და ძლიერი ბიზნესსექტორი, ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ იზრდება, თუმცა დრო შემზღუდველი რესურსია. სწორედ იმიტომ, რომ მომავალში კონკურენტუნარიანი ეკონომიკა გვქონდეს, ინვესტიცია პირველ რიგში ადამიანებში უნდა ჩავდოთ. სწორედ ცოდნა იქნება მთავარი რესურსი მომდევნო ათწლეულში“, – ამბობს გიორგი.

კონკურენტუნარიანი ეკონომიკისა და ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, Skillwill-ის კოლეჯი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბშიც გაიხსნება, რის შედეგადაც სტუდენტთა რაოდენობა 5,000-ს გადააჭარბებს.
ეს ყველაფერი კი ერთი მიზნისთვის კეთდება — რათა საქართველო არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ცოდნის შემქმნელი ქვეყანა გახდეს, ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები, ხოლო ბიზნესმა ხელოვნური ინტელექტი ეკონომიკური ზრდის რეალურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.
S











