არ მაჩერებს კითხვა “როგორ?” | Forbes Under 30-ის გამარჯვებული, გივი კალანდია

არ მაჩერებს კითხვა “როგორ?” | Forbes Under 30-ის გამარჯვებული, გივი კალანდია

FUTURE IS UNDER 30 – ამ გზავნილით გაიმართა Forbes Georgia-ს 2026 წლის დაჯილდოება. პროექტი Under 30 ყოველწლიურად იმ გამორჩეულ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომელთა იდეები და ცოდნაც მომავალს უკეთესობისკენ ცვლის. საქართველოს ბანკისთვის განათლება და ახალი თაობის იდეების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამიტომ ბანკი წელს პროექტის გენერალური პარტნიორი გახდა.

ამ ბლოგში გაიცნობთ გივი კალანდიას, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (KU Leuven) მკვლევარსა და ქიმიკოსს, რომელიც Forbes Under 30-ის 2026 წლის განათლება და მეცნიერების კატეგორიის გამარჯვებული გახდა. 

განათლება და ახალი თაობის მხარდაჭერა

გივისთვის ნამდვილი მეცნიერება მხოლოდ ლაბორატორიის კედლებში არ რჩება. მისთვის მნიშვნელოვანია განათლების გაზიარება და სხვებში ცნობისმოყვარეობის გაღვივებაც. სწორედ ამ ენთუზიაზმმა გადააწყვეტინა, მეგობრებთან ერთად, ამერიკის ქიმიის საზოგადოების (ACS) სტუდენტური წარმომადგენლობის დაფუძნება, რომელმაც ქიმია არაერთ სკოლის მოსწავლესა და აბიტურიენტს შეაყვარა:

ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იყო, ქიმიით აღფრთოვანება სხვებისთვის გაგვეზიარებინა. SDSU-ში სწავლისას მეგობრებმა ჩამოვაყალიბეთ ქიმიის კლუბი, სადაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბევრ აქტივობას ვმართავდით. გარდა ამისა, პროექტმა არაერთ სტუდენტს საერთაშორისო კონფერენციებზე გამგზავრების შესაძლებლობაც მისცა, რამაც სამეცნიერო კარიერა მათთვის ბევრად უფრო ხელშესახები და რეალური გახადა.

ინტერესი, რომელიც განათლების გზაზე არ გაჩერებს

განათლებასა და მეცნიერებაში წინსვლას დიდი მოთმინება და ენერგია სჭირდება. გივის ამ გზაზე გაჩერების საშუალებას არ აძლევს სიახლეების აღმოჩენის სურვილი და კითხვები, რომლებზე პასუხიც ჯერ არ აქვს:

არ მაჩერებს კითხვა “როგორ?” ანუ იმის გაგება თუ რა განაგებს ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. შემდეგ მოდის სიახლისადმი სწრაფვა და მცდელობა გავაკეთო ის, რაც აქამდე ვერ ხერხდებოდა. ამ გზაზე კი უმთავრესი საყრდენი ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანები არიან.

მოლეკულების მართვა 

გივის კვლევის მთავარი მიზანი ერთი შეხედვით სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს: ის ქმნის “ჭკვიან მოლეკულურ სისტემებს”, რომლებიც გარკვეულ სიგნალზე, მაგალითად, სინათლეზე რეაგირებენ და თვისებას იცვლიან. მისი კვლევის ერთ–ერთი საგანი ხელოვნური მოლეკულური მანქანებია, რომელთა მთავარი მახასიათებელი მოლეკულურ დონეზე კონტროლირებადი მოძრაობაა.

სამომავლოდ, ამ ტექნოლოგიას შესაძლოა პრაქტიკული გამოყენება ჰქონდეს მედიცინასა და ქიმიურ ინდუსტრიაში. მისი დახმარებით დღესაც შეისწავლიან  დაავადებების მკურნალობასა და მარტივად გადამუშავებადი მასალების შექმნას. ამ რთულ გზაზე გივისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ნობელის პრემიის ლაურეატ ბენ ფერინგას ლაბორატორიაში მუშაობა:

პროფესორ ფერინგას ლაბორატორიაში გატარებული ოთხი თვე ჩემთვის ძალიან შედეგიანი იყო. მისი გამოცდილების დახმარებით შევძელი ჩემი სისტემების დინამიკური თვისებების მოლეკულურ დონეზე აღწერა.

Forbes Under 30, როგორც შესაძლებლობა

Forbes Under 30-ის გამარჯვებულთა შორის მოხვედრა გივისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საზოგადოებას დაანახოს, თუ რამდენად საინტერესოა ფუნდამენტური მეცნიერება და როგორ შეუძლია სამეცნიერო კვლევას კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრა.

მსგავსი მიზანდასახული ადამიანების აღმოჩენა საქართველოს ბანკისთვის უმთავრესი მისიაა, რადგან განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა არა მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება, არამედ უკეთესი გარემოს, საერთო კეთილდღეობისა და განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

განათლების გზაზე არ გაჩერდე.

S