მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების (Doing Business) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა 83.7 ქულით. გასულ წელს საქართველო მე-6 ადგილზე იყო 83.5. საქართველოს მხოლოდ ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, ჰონკონგი, სამხრეთი კორეა და აშშ უსწრებს
მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული. ბიზნესის კეთების რეიტინგი ქვეყნებში ბიზნესის დაწყების, მართვისა და დახურვის სახელმწიფო რეგულაციების სიმარტივეს ზომავს.
გასულ წელთან შედარებით საქართველოს ქულა 0.2-ით გაიზარდა, მაგრამ ერთი ადგილით ჩამოქვეითება აშშ-ს ქულის 0.4-ით ზრდამ განაპირობა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით გასულ ერთ წელში ბიზნესის კეთების გასამარტივებლად საქართველომ მხოლოდ 1 რეფორმა გაატარა – ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად მშენებლობების ხარისხის კონტროლი გაუმჯობესდა.
ბიზნესის კეთების ინდექსი 10 კომპონენტისგან შედგება, რომელთა შეჯამება ქვეყნის საბოლოო ქულას და რეიტინგს გვაძლევს. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (99.6) და ადგილი (მე-2 ადგილი მსოფლიოში) ბიზნესის დაწყების კომპონენტში აქვს. საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია ერთ დღეში, მინიმალური აუცილებელი თანხის გარეშეა შესაძლებელი. მე-5 ადგილზეა საქართველო ქონების რეგისტრაციის სიმარტივით.
ყველაზე დაბალ პოზიციაზე საქართველო ბიზნესის დახურვის პროცედურებითაა, 190 ქვეყნიდან 64-ე ადგილზეა.
RECOMMENDED]