ქართველმა მკვლევარმა, თინათინ ბარათაშვილმა, კოსმოსური პლაზმის ფიზიკაში ვინჩენცო ფერაროს 2026 წლის საერთაშორისო პრიზი მიიღო. მას ჯილდო სადოქტორო ნაშრომისთვის მიენიჭა, რომელიც მზიდან დედამიწამდე კოსმოსური ამინდის მოდელირებას ეხება.
კვლევის ფარგლებში თინათინმა მზის გვირგვინში მიმდინარე ფიზიკური პროცესები შეისწავლა და მათი რიცხვითი მოდელირებისთვის COCONUT-ის მოდელზე იმუშავა. ამასთან, კოსმოსური ამინდის უფრო სწრაფი და ზუსტი პროგნოზირებისთვის ჰელიოსფეროს აღმწერი ახალი რიცხვითი მოდელი, Icarus-ი განავითარა.
თინათინ ბარათაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულია, მაგისტრატურა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტში დაასრულა, სადოქტორო დისერტაცია კი ამავე უნივერსიტეტის მათემატიკური პლაზმის ასტროფიზიკის ცენტრში დაიცვა. ამჟამად ის ფლანდრიის სამეცნიერო ფონდის პოსტდოქტორანტი მკვლევარია. თინათინი მზის გლობალური მაგნიტური ველის ცვალებადობასა და მზის ქარის სტრუქტურაზე მის გავლენას შეისწავლის.
ცნობისთვის, ვინჩენცო ფერაროს საერთაშორისო პრიზი 2008 წელს დაარსდა და ყოველწლიურად კოსმოსური პლაზმის ფიზიკის სფეროში საუკეთესო სადოქტორო ნაშრომისთვის გაიცემა. გამარჯვებულს დარგის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია არჩევს. ჯილდო იტალიელი მეცნიერის სახელს ატარებს, რომელსაც მაგნიტოჰიდროდინამიკის განვითარებასა და დედამიწის მაგნიტოსფეროს პირველი მოდელების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
შეგახსენებთ, თინათინ ბარათაშვილი Forbes Georgia-ს პროექტ Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებულია განათლებისა და მეცნიერების კატეგორიაში.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი











