Ann Demeulemeester-მა თბილისისადმი მიძღვნილი ლიმიტირებული კოლექცია შექმნა, რომელსაც Concept STAR-ი წარადგენს

Ann Demeulemeester-მა თბილისისადმი მიძღვნილი ლიმიტირებული კოლექცია შექმნა, რომელსაც Concept STAR-ი წარადგენს
ხუთი ნივთისგან შემდგარი კაფსულური კოლექცია „Ann Demeulemeester Tbilisi“ Concept STAR-სა და Antonioli Group-ს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის პირველი ეტაპია.

2026 წლის 22 ოქტომბერს Concept STAR-ი ბელგიური მოდის სახლის, Ann Demeulemeester-ის მიერ სპეციალურად თბილისისთვის შექმნილ კაფსულურ კოლექციას წარადგენს. მოდის სახლის შემოქმედებითი გუნდის მიერ, კრეატიული დირექტორის, სტეფანო გალიჩის ხელმძღვანელობით შექმნილი, მკაცრად შეზღუდული რაოდენობის ხუთი ტიპის პროდუქტისგან შემდგარი ექსკლუზიური კოლექცია წარწერას „Ann Demeulemeester Tbilisi“ ატარებს. მისი პრეზენტაცია Stamba Tbilisi Rooftop-ზე, მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართება.

კაფსულური კოლექცია Concept STAR-სა და Antonioli Group-ს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის პირველი საჯარო ეტაპია. მილანში დაფუძნებული ჯგუფი ისეთ ბრენდებსა და სივრცეებს აერთიანებს, როგორებიცაა Ann Demeulemeester-ი, 44 LABEL-ი, Antonioli-ს მულტიბრენდული მაღაზიები, VOLT-კლუბი და რესტორანი Sogni. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მასშტაბის საერთაშორისო მოდის სახლი ოფიციალურად ქმნის კოლექციას, რომელიც კონკრეტულად თბილისს ეძღვნება.

Concept STAR-ი სამომავლოდ მსგავსი თანამშრომლობის სხვა წამყვან საერთაშორისო მოდის სახლებთან გაფართოებასაც გეგმავს. ახალი პარტნიორების შესახებ ინფორმაცია უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

Ann Dememulemeester fashion show in Paris, Fall Winter 2026 Ready To Wear Fashion Week Photo by Valerio Mezzanotti
Ann Dememulemeester fashion show in Paris, Fall Winter 2026 Ready To Wear Fashion Week
Photo by Valerio Mezzanotti
პარიზის შოურუმიდან თბილისამდე

თანამშრომლობის ისტორია Ann Demeulemeester-ის ესთეტიკისადმი საერთო ინტერესით დაიწყო. Concept STAR-ი უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ მოდის სახლს წარმოადგენს, ხოლო 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ბრენდის მამაკაცის კოლექცია თბილისში პირველად შემოიტანა.

გადაწყვეტილება პარიზში, ბრენდის შოურუმში მიიღეს. იქ დაწყებული საუბრები Concept STAR-ის გუნდსა და Antonioli Group-ს შორის მჭიდრო სამუშაო ურთიერთობად ჩამოყალიბდა. ჯგუფს მისი დამფუძნებელი, კლაუდიო ანტონიოლი ხელმძღვანელობს.

2026 წლის ზაფხულში კლაუდიო ანტონიოლი და ჯგუფის ხელმძღვანელობა თბილისს ეწვივნენ, რათა ქალაქი თავად გაეცნოთ. მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თბილისის ინდუსტრიულმა და ბრუტალისტურმა არქიტექტურამ, ასევე, მისმა შემოქმედებითმა გარემომ. ანტონიოლის თბილისი ბერლინს, მის ერთ-ერთ საყვარელ ქალაქს, აგონებდა – ადგილს, რომლის ხელახლა აღმოჩენის პროცესიც დაუსრულებლად გრძელდებოდა.

ვიზიტის შემდეგ პარტნიორებმა გააცნობიერეს, რომ მათი ღირებულებები, ვიზუალური ენა და ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მოდის სახლს საკუთარი ბრენდის გარშემო ახალი გამოცდილების შექმნა, ერთმანეთს ემთხვევა. თანამშრომლობა თავიდანვე უფრო ფართოდ იყო ჩაფიქრებული, ვიდრე საცალო ვაჭრობის სფეროში პარტნიორობა – ის კომპანიებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს. თბილისისადმი მიძღვნილი კაფსულური კოლექცია კი ამ პარტნიორობის პირველი ეტაპია.

კაფსულური კოლექცია: ხუთი პროდუქტი, ერთი ქალაქი

კოლექციის თითოეულ პროდუქტს წარწერა „Ann Demeulemeester Tbilisi“ ამშვენებს. მასში ასევე გამოყენებულია არტურ რემბოს პროზაული პოემის, Aube-ს („განთიადი“) პრინტი. ნაწარმოები კრებულ Illuminations-ში შედის და სტრიქონით „J’ai embrassé l’aube d’été“ – „მე გულში ჩავიკარი ზაფხულის განთიადი“ – იწყება.

რემბოს პოემა მოგვითხრობს მოხეტიალეზე, რომელიც მძინარე ქალაქში პირველ სინათლეს ეძებს. ეს განწყობა კოლექციასაც გასდევს, რომელიც ახალი ეტაპის დასაწყისში მყოფ ქალაქს ეძღვნება.

კაფსულური კოლექცია ჯამში 200 ერთეულს მოიცავს. მასში შედის ბამბის მაისური, რომლის მხოლოდ 80 ეგზემპლარი დამზადდა – 40 თეთრი და 40 შავი; ტილოს ჩანთა – 60 ერთეული; მრავალფუნქციური ტყავის სამაჯური – 40 ერთეული და გულსაკიდი – 10 ერთეული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

საქართველოში აქამდე საერთაშორისო მოდის სახლს რომელიმე ქალაქისთვის ამ მასშტაბის ოფიციალური კაფსულური კოლექცია არ შეუქმნია. პროდუქცია არ არის ადაპტირებული უკვე არსებული ხაზიდან და არც გლობალური დისტრიბუციისთვის შექმნილა – დიზაინერებმა თითოეული ნივთი სპეციალურად თბილისისთვის, ქალაქის გათვალისწინებით შეიმუშავეს.

Ann Demeulemeester-ისთვის კონკრეტული ქალაქებისადმი მიძღვნილი კაფსულური კოლექციები იშვიათია. მოდის სახლი ასეთ პროექტებს იმ ადგილებს უძღვნის, რომლებსაც მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ახალი კოლექციით თბილისიც ამ გამორჩეულ ქალაქებს შორის დაიკავებს ადგილს.

პროექტი ასევე წარმოაჩენს Concept STAR-ის განვითარების ტემპსა და იმ მასშტაბის ინიციატივებს, რომელთა განხორციელებასაც კომპანია დღეს უკვე ახერხებს – თბილისის მაღაზიიდან ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დამოუკიდებელ მოდის ჯგუფთან პარტნიორობამდე.


Concept STAR-ის შესახებ

Concept STAR-ი 2022 წელს თბილისში დაფუძნებული მულტიბრენდული მაღაზიაა, რომელიც საერთაშორისო დიზაინერების ბრენდებს აერთიანებს. მათ შორისაა: Maison Margiela, Jil Sander, Acne Studios, Stone Island, Dries Van Noten, Ann Demeulemeester, FRI-MUT, Golden Goose, Jacquemus, Loulou, Isabel Marant, Ssheena, Entire Studios, Miista, Lardini, Rhude, 44 LABEL, Rick Owens DRKSH, Arte, Autry, Ruslan Baginskiy, Love Stories, Chimi, Tom Wood, Martine Ali, JENNY BIRD, Unimatic, Arcadia და Byredo.

კომპანიის იდეა თავიდანვე მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა იყო – არა მხოლოდ შოპინგის, არამედ სივრცის დიზაინის, მუსიკისა და მომსახურების ყველა დეტალის გათვალისწინებით.

Street STAR-ის გახსნამ კომპანიის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. მან ბრენდს ქუჩის მოდით დაინტერესებული ახალი აუდიტორია შემატა და საცალო ვაჭრობის ფარგლებს გასცდა, საზოგადოების გაერთიანების მიმართულებითაც განვითარდა. ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს საერთო ცხოვრების სტილისა და გემოვნების გარშემო აერთიანებს.

Concept STAR-ის მიზანია, რეგიონში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად იქცეს და პარიზისა და მილანის მოდის სახლები თბილისში უფრო ფართოდ წარმოადგინოს. Antonioli Group-ის მსგავსად, რომელმაც ერთი მაღაზიიდან მოდის, სტუმარმასპინძლობისა და ღამის ცხოვრების სფეროებში გაფართოება შეძლო, Concept STAR-ი საკუთარ მომავალსაც რამდენიმე სივრცის გარშემო ერთი საზოგადოების გაერთიანებაში ხედავს.

Antonioli Group-ისა და Ann Demeulemeester-ის შესახებ

Antonioli Group-ი იტალიელმა მოდის მეწარმემ, კლაუდიო ანტონიოლიმ დააფუძნა. მან Antonioli-ის პირველი მაღაზია მილანში 1987 წელს გახსნა და მომხმარებელს იმ დროისთვის იტალიაში ნაკლებად ცნობილ, ახალ დიზაინერებს აცნობდა. დღეს ჯგუფის საცალო ქსელი მაღაზიებს მილანში, ლუგანოსა და იბიცაზე აერთიანებს.

2015 წელს ანტონიოლიმ მარსელო ბურლონთან და დავიდე დე ჯილიოსთან ერთად New Guards Group-ი დააფუძნა. 2019 წელს ჯგუფი Farfetch-მა 675 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. 2016 წელს ანტონიოლიმ მილანის ცენტრში ელექტრონული მუსიკის კლუბი VOLT-ი გახსნა, რომლის დიზაინზეც Storage Associati მუშაობდა. ჯგუფი ასევე მართავს რესტორანსა და კოქტეილ-ბარს Sogni, რომელიც მილანის პორტა ჯენოვას უბანში, მე-20 საუკუნის დასაწყისის შენობაში მდებარეობს.

Ann Demeulemeester-ი 1985 წელს ანტვერპენში ამავე სახელის დიზაინერმა დააარსა. ის „ანტვერპენის ექვსეულის“ (Antwerp Six) წევრია. მოდის სახლი ცნობილია მუქი, რომანტიკული ესთეტიკით. კლაუდიო ანტონიოლიმ ბრენდი 2020 წელს შეიძინა. 2026 წლის თებერვალში ბრენდმა მილანში, მონტენაპოლეონეს ქუჩის 22 ნომერში, ფლაგმანური მაღაზია გახსნა, რასაც პარიზში, Palais-Royal-ში ახალი ბუტიკის გახსნა მოჰყვა.

სტეფანო გალიჩი Antonioli Group-ს 2019 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან ის Ann Demeulemeester-ის მამაკაცის კოლექციებზე მუშაობდა, 2023 წელს კი მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა.