ფოტო: www.echelon.health
შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ის განცხადებით, ფილტვის კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, დივარასიბმა (divarasib), კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში პაციენტების სიკვდილის რისკი, მკურნალობის არსებულ საშუალებებთან შედარებით, 44%-ით შეამცირა.
კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომლებსაც KRAS G12C მუტაციასთან დაკავშირებული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ჰქონდათ და მანამდე მკურნალობდნენ. Roche-ის მონაცემებით, divarasib-ის მიმღებ პაციენტებში სიცოცხლის საერთო მედიანური ხანგრძლივობა თითქმის 18 თვე იყო, მაშინ როდესაც შედარების ჯგუფში, რომელიც უკვე დამტკიცებულ პრეპარატებს – sotorasib-ს ან adagrasib-ს – იღებდა, ეს მაჩვენებელი 12 თვეს შეადგენდა.
კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ divarasib-მა დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკი 42%-ით შეამცირა. დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენის მედიანური პერიოდი პრეპარატის მიმღებ პაციენტებში 9.8 თვე იყო, საკონტროლო ჯგუფში კი – 5.7 თვე.
Krascendo 1-ის სახელწოდების მესამე ფაზის კვლევაში 338 პაციენტი მონაწილეობდა. divarasib-ის ეფექტიანობა, როგორც აღვნიშნეთ, ორ უკვე დამტკიცებულ KRAS G12C ინჰიბიტორს – sotorasib-სა და adagrasib-ს – შეადარეს. მკურნალობაზე ობიექტური პასუხი divarasib-ის ჯგუფის პაციენტების 58%-ში დაფიქსირდა, საკონტროლო ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 32% იყო.
კომპანიის ინფორმაციით, კვლევისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები არ გამოვლენილა. მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო divarasib-ის მიღება პაციენტების 4.8%-მა შეწყვიტა, საკონტროლო ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 11.7% იყო.
Roche-ის განცხადებით, კომპანია ჯანდაცვის მარეგულირებელ ორგანოებთან მუშაობს, რათა პრეპარატი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









