ფოტო: Alex WROBLEWSKI / AFP via Getty
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირებს, რომლებიც წარსულ ან მიმდინარე წლის შუალედურ არჩევნებში გაყალბების შესახებ ინფორმაციას ხელისუფლებას მიაწვდიან და ეს ინფორმაცია დაკავებითა და მსჯავრდებით დასრულდება, $1 მილიონი გადაეცემათ. განცხადება ტრამპმა ორშაბათს, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში შესაძლოა რესპუბლიკელებმა კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე დაკარგონ.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა წყაროდან დაფინანსდება ჯილდოები.
ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გავრცელებული თაღლითობის შესახებ პრეზიდენტის განმეორებით განცხადებებს შეესაბამება. მათ შორისაა ალასკის შტატის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რომლითაც ადმინისტრაცია ცდილობს, შტატს არჩევნების შედეგების ოფიციალურად დამტკიცება აუკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელი სენატორი დენ სალივანი დამარცხდება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კალიფორნიის შტატის წინააღმდეგაც შეიტანა სარჩელი. უწყება შტატის საარჩევნო ორგანოებისგან მოითხოვს, არ გაითვალისწინონ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები, რომლებიც, მისი მტკიცებით, არამოქალაქეებმა მიიღეს. იუსტიციის დეპარტამენტმა საარჩევნო მოხელეები გააფრთხილა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ შესაძლოა „მნიშვნელოვანი ფედერალური კონტროლის“ ქვეშ მოუწიოთ მუშაობა. ადმინისტრაცია შტატების ამომრჩეველთა სიებში შესაძლო არამოქალაქეების იდენტიფიცირებას ცდილობს.
ტრამპი საარჩევნო თაღლითობის შესახებ განცხადებებს წლების განმავლობაში აკეთებს. ერთ-ერთი მსგავსია კალიფორნიის ბოლო მუნიციპალური არჩევნების შედეგების დათვლის გაჭიანურებასთან დაკავშირებით გამოთქმული უკმაყოფილება. 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე კი არიზონაში, მარიკოპის ოლქში, ხმის მიცემის აპარატების მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ტრამპმა განზრახ მოწყობილი უწოდა. დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პრობლემა საარჩევნო ბიულეტენების ზოგიერთი პრინტერის ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდებოდა.
კალიფორნიის საარჩევნო ორგანოების წარმომადგენელი იურისტები კი აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა სიების ფედერალური ადმინისტრაციის მოთხოვნების შესაბამისად გადამოწმებას შესაძლოა ასობით ათასი სამუშაო საათი დასჭირდეს.
ტრამპის განცხადება მაშინ კეთდება, როდესაც გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის დასაბრუნებლად შანსი იზრდება. ტრამპის საქმიანობისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ისტორიულად დაბალი მხარდაჭერა რესპუბლიკელ კანდიდატებსაც აზარალებს იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც გამარჯვებისთვის ბრძოლა განსაკუთრებით დაძაბულია.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









