ფოტო: US Navy/Handout via Reuters
ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული პენტაგონის მონაცემების თანახმად, აშშ-ის სამხედრო უწყებამ ირანთან ომის საწარმოებლად უკვე $47 მილიარდზე მეტი დახარჯა, რაც 25%-ით აღემატება აშშ-ის ომის დეპარტამენტის მიერ ივლისში გაკეთებულ შეფასებას.
ინფორმაცია ირანთან ომის ხარჯების ზრდის შესახებ იმ დროს ვრცელდება, როდესაც რესპუბლიკელებს ამ არაპოპულარული კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებთან უწევთ გამკლავება. ეს ყველაფერი 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ხდება, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ ვინ გააკონტროლებს კონგრესს მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
ენერგორესურსების ფასებზე ომის გავლენამ უარყოფითად იმოქმედა რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდაჭერისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგზე. მოგეხსენებათ, ამჟამად ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაში მცირე უმრავლესობა აქვს.
პენტაგონის უახლესი შეფასება ომის საოპერაციო ხარჯებს უკავშირდება. საინტერესოა, რომ მონაცემების თანახმად, კონფლიქტის დროს გამოყენებული და ამოწურული საბრძოლო მასალების ჩასანაცვლებლად $29 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.
Reuters-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით, $6 მილიარდზე მეტი იქნება საჭირო სამხედრო ტექნიკისა და ომის დროს დაკარგული მრავალი დრონისა და სხვა საფრენი აპარატის აღსადგენად.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ირანთან ომი თებერვალში, ისრაელთან ერთად დაიწყო და ვარაუდობდა, რომ კონფლიქტი ხანმოკლე იქნებოდა.
ირანთან ომში ტრამპის თავდაპირველი სტრატეგია ირანის თავდაცვითი სისტემების დასაბომბად ძვირადღირებული, მაღალი სიზუსტის რაკეტების გამოყენებას ითვალისწინებდა, რათა შემდგომში უფრო იაფი საბრძოლო მასალების გამოყენება ყოფილიყო შესაძლებელი.
თუმცა აპრილში გამოცხადებულმა ცეცხლის შეწყვეტამ ირანს დრო მისცა, მიწისქვეშა საცავებიდან აღჭურვილობა გამოეტანა და კვლავ აემუშავებინა თავდაცვითი სისტემები, ასევე გამოეყენებინა ის რაკეტები და დრონები, რომლებიც მანამდე მიუწვდომელი იყო.
პენტაგონის ეს უახლესი შეფასება ომის დეპარტამენტის მდივან პიტ ჰეგსეტის მიერ ივლისში გაკეთებული პროგნოზისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რომლის მიხედვითაც, ომის ხარჯები $37.5 მილიარდს შეადგენდა.
მართალია, ეს ციფრები მოიცავს მრავალგვარ ოპერაციულ ხარჯს, ფრენებთან დაკავშირებული საქმიანობით დაწყებული, კიბერმხარდაჭერით დამთავრებული, მაგრამ გათვალისწინებული არ არის ის ხარჯები, რომლებიც, სავარაუდოდ, ირანული რაკეტებისა და დრონების თავდასხმების შედეგად აშშ-ის ბაზებისთვის მიყენებული ზიანის აღსადგენად იქნება საჭირო.









