Nasdaq 100-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.5 ტრილიონით შემცირდა | მიზეზები

Nasdaq 100-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.5 ტრილიონით შემცირდა | მიზეზები

ფოტო: Reuters

 

ტექნოლოგიურ სექტორზე ორიენტირებული Nasdaq-ის ინდექსი 2025 წლის აპრილში „გათავისუფლების დღის“ შემდეგ ყველაზე მკვეთრ ვარდნას განიცდის. აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების დამაჯერებელი გამარჯვების ფონზე, ხელოვნური ინტელექტის სფეროს, განსაკუთრებით კი მონაცემთა ცენტრების მშენებლობის მიმართ მკაცრი რეგულაციების დაწესების შესახებ შიში გაიზარდა, რამაც ბაზრიდან ტრილიონობით დოლარის ღირებულება გააქრო.

ფილადელფიის SE Semiconductor-ის ინდექსი 12%-ით დაეცა და ექვსთვიან მინიმუმს მიაღწია. Nvidia-ს აქციები 9%-ით, ხოლო Advanced Micro-ს აქციები 17%-ით დაეცა. Nasdaq 100-ის ინდექსი, რომელიც უფრო ფართო ინდექსის ყველაზე დიდი სახელებისგან შედგება, 6.4%-ით დაეცა, რითაც ბაზრის ღირებულება $2.5 ტრილიონით შემცირდა.

ინვესტორები შიშობენ, რომ დემოკრატიული პარტიის გამარჯვებამ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოება შეაფერხოს და პრობლემები შეუქმნას მცირე კომპანიებს, რომელთათვისაც კაპიტალის მოზიდვა მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გამკაცრებული ფინანსური პირობების გამო ისედაც გართულებული იყო.

უკვე მეორე დღეა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორთან დაკავშირებული აქციები მასობრივად იყიდება. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც Nasdaq Composite-ი 500 პუნქტზე მეტით ეცემა.

„არჩევნების შედეგებიდან, განსაკუთრებით კი იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ დემოკრატებმა მრავალ შტატში გუბერნატორის პოსტები მოიპოვეს, იკვეთება მთავარი ტენდენცია – მონაცემთა ცენტრების მშენებლობის პროცესის შენელება,“ – განაცხადა კომპანია JonesTrading-ის ბაზრის მთავარმა სტრატეგმა მაიკლ ორურკმა.

ამჟამად Nasdaq Composite-ი კორექციის ფაზაშია. 6 ოქტომბერს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, ინდექსმა ღირებულების თითქმის 12% დაკარგა. ცნობისთვის, კორექცია ბოლო პიკური ნიშნულიდან დაახლოებით 10%-იან ვარდნას გულისხმობს.

ანალიტიკოსებისა და პორტფელის მმართველების აზრით, ისეთი სექტორების ვარდნა, როგორიცაა ნახევარგამტარები და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა, სრულიად მოსალოდნელი იყო. ამას განაპირობებდა როგორც მანამდე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ზრდა, ისე დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკი, რაც ზაფხულის ბოლოს აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდით დაგვირგვინდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.