Illustration by Liza Schumskaya for Forbes
ამერიკული Forbes-ი ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების ქონებას უკვე 26 წელია, რაც აკვირდება. 2009 წელს, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, გამოცემის რეიტინგის სათავეში პირველი ადგილი სხვა ვარსკვლავმა მხოლოდ ოთხჯერ დაიკავა. წლევანდელი სიაც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა, რადგან ჯექსონი უახლეს რეიტინგში მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციას კი $150 მილიონით ქვინსი ჯონსი იკავებს.
ქვინსი ჯონსი, ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი, 2024 წლის მიწურულს, 91 წლის ასაკში, პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა. ამ წლის მარტში ჯონსის მემკვიდრეებმა მისი აქტივების უმეტესი ნაწილი, მათ შორის მუსიკალური კატალოგები და საავტორო უფლებები ისეთ ჰიტებზე, როგორიცაა Soul Bossa Nova, საინვესტიციო კომპანია HarbourView Equity Partners-ს მიჰყიდეს. Forbes-ის შეფასებით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია.

განსაკუთრებით შემოსავლიანი აღმოჩნდა 2026 წელი მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეებისთვის. ჯექსონის მემკვიდრეების მიერ ბიოგრაფიულ ფილმ Michael-ში ჩადებულმა დამატებით $25-მილიონიანმა ინვესტიციამ მნიშვნელოვანი მოგება მოიტანა. გლობალურ სალაროებში ფილმის გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. Forbes-ის შეფასებით, მომღერლის მემკვიდრეები ფილმიდან საბოლოოდ $50 მილიონზე მეტ მოგებას მიიღებენ. ეს თანხა მათ რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაერიცხებათ.
ჯექსონის მუსიკალური მემკვიდრეობის მიერ გამომუშავებულ თანხებს ასევე ემატება მომღერლის სტრიმინგიდან მიღებული შემოსავლები, მიუზიკლი MJ: The Musical-ი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იდგმება, და ბრენდებთან დაკავშირებული სალიცენზიო საქმიანობა. საბოლოო ჯამში, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, ამ მიმართულებებმა გარდაცვლილი მომღერლის მემკვიდრეებს $140 მილიონი მოუტანა.
მიმდინარე წლის სიაშია 2026 წლის აგვისტოში გარდაცვლილი ქანთრის მომღერალი დოლი პარტონიც. Forbes-ის შეფასებით, პარტონის შემოსავლები $46 მილიონს აღწევს. გასართობი სექტორიდან პარტონის შემოსავლები 2027 წელს შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. მისი სახელობის თემატურ პარკს, Dollywood-ს, 2025 წელს 3.4 მილიონი ადამიანი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმის გათვალისწინებით, რომ იმავე პერიოდში აშშ-ის თემატური პარკების უმეტესობაში ვიზიტორთა რაოდენობა ოდნავ შემცირდა.
Forbes-ის 2026 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების ხუთეულში ასევე მოხვდნენ დოქტორი სიუზი და ელვის პრესლი. დოქტორ სიუზის გარდაცვალებიდან 30 წელზე მეტის გასვლის მიუხედავადაც, მისი კომპანია, Dr. Seuss Enterprises-ი, მწერლის პოპულარული საბავშვო ნაწარმოებების კომერციალიზაციის ახალ გზებს მუდმივად ეძებს. შედეგად, Forbes-ის შეფასებით, სიუზის მიერ გამომუშავებული თანხა $80 მილიონს აღწევს.
რაც შეეხება ელვის პრესლის, ის $75 მილიონით მეოთხე პოზიციაზეა. პრესლის შემოსავლების მთავარ წყაროდ მუსიკალურ კატალოგებსა და საკუთრებაზე გარიგებები რჩება. ცნობისთვის, პრესლის მემკვიდრეები, რომელთაც მუსიკოსის კატალოგზე აქვთ უფლებები, ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივიან და $41 მილიონზე მეტის კომპენსაციას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ გამოცემის მიერ შედგენილი რეიტინგი მოიცავს გარდაცვლილი ვარსკვლავების მემკვიდრეების მიერ მიღებულ შემოსავლებს გაყიდვებიდან, ლიცენზირების გარიგებებიდან, სტრიმინგიდან და ა.შ. შემოსავლები 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2026 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდშია დათვლილი. გარდა ამისა, Forbes-ის რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია Luminate-ის მონაცემები და ინტერვიუები ინდუსტრიის ინსაიდერებთან. აგენტების, მენეჯერებისა და იურისტების გადასახადი დაქვითული არ არის.
Forbes-ის 2026 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ქვინსი ჯონსი – $150 მილიონი
- მაიკლ ჯექსონი – $140 მილიონი
- დოქტორი სიუზი – $80 მილიონი
- ელვის პრესლი – $75 მილიონი
- დოლი პარტონი – $46 მილიონი
- ბობ მარლი – $25 მილიონი
- პრინსი – $24 მილიონი
- დაიან კიტონი – $22 მილიონი
- ჯონ ლენონი – $18 მილიონი
- ჯორჯ ჰარისონი – $15 მილიონი
- ჯიმი ბაფეტი – $15 მილიონი
- კობი ბრაიანტი – $14 მილიონი
- არნოლდ პალმერი – $13 მილიონი








