წინასწარი გაყიდვებიდან GTA 6-მა უკვე $1 მილიარდის შემოსავალი მიიღო

წინასწარი გაყიდვებიდან GTA 6-მა უკვე $1 მილიარდის შემოსავალი მიიღო

ფოტო: Chris Pizzello/AP

 

ბაზრის კვლევითი ფირმა Sensor Tower-ის მონაცემებით, Grand Theft Auto VI-მა მხოლოდ წინასწარი გაყიდვებით უკვე $1 მილიარდამდე გამოიმუშავა. შემოსავლის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10.31 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს შეესაბამება. ამასთან, Sensor Tower-ის მონაცემებით, წინასწარი გაყიდვების 75% ვიდეოთამაშის PlayStation-ის ვერსიაზე მოდის, ხოლო 25% — Xbox-ის ვერსიაზე.

Grand Theft Auto-ს მეექვსე ნაწილის პრემიერა 19 ნოემბერსაა დაგეგმილი. Sensor Tower-ის მონაცემებით, GTA 6-მა წინასწარი გაყიდვებიდან $1-მილიარდიანი შემოსავლის ნიშნულს პრემიერის თარიღამდე რვა დღით ადრე მიაღწია და ვიდეოთამაშის წინა ნაწილის მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა. შედარებისთვის, Grand Theft Auto-ს მეხუთე ნაწილი 2013 წელს გამოვიდა და ოფიციალურ გაშვებამდე 7 მილიონი წინასწარი შეკვეთა მიიღო.

ცნობისთვის, თამაშის შემქმნელი Rockstar Games-ის მშობელ კომპანიას, Take-Two Interactive-ს, GTA 6-ის გაყიდვების ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტრაუს ზელნიკმა, სამშაბათს, ფინანსური შედეგების პრეზენტაციისას ინვესტორებს განუცხადა, რომ ვიდეოთამაშზე წინასწარი შეკვეთები კომპანიის თავდაპირველ მოლოდინს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

Take-Two-ს მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, დღემდე Grand Theft Auto-ს მეხუთე ნაწილის 235 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული. მთლიანობაში კი GTA-ს ფრენჩაიზის თამაშების გაყიდვები 480 მილიონს აღწევს.

ანალიტიკოსები GTA 6-ისგან გამოსვლიდან პირველ 24 საათში მიღებული შემოსავლის რეკორდის მოხსნასაც ელიან. ამჟამად ეს რეკორდი GTA V-ს ეკუთვნის, რომელმაც 2013 წლის 17 სექტემბერს, გამოსვლის პირველ 24 საათში, $815.7 მილიონის შემოსავალი მიიღო.

GTA-ს გამოსვლის მოლოდინთან ერთად, ოთხშაბათს Take-Two-ს აქციების ფასი 3%-ზე მეტით, $231.83-მდე გაიზარდა. თუმცა ბოლოდროინდელი ზრდის მიუხედავადაც, კომპანიის აქციების ღირებულება წლის დასაწყისთან შედარებით 9.7%-ითაა გაუფასურებული.