ფოტო: AFP via Getty Images
ვინსენტ ვან გოგის მიერ 1890 წელს შესრულებული ნამუშევარი Châtaigniers en fleurs ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე $190 მილიონად გაიყიდა. ეს მხატვრის ნამუშევრისთვის აუქციონზე გადახდილი რეკორდული თანხაა.
ხელოვნების ნიმუშის საბოლოო ფასი, აუქციონის საკომისიოს ჩათვლით, დაახლოებით $190 მილიონია, ძირითადი ფასი კი $165 მილიონს გაუტოლდა. ამ შედეგით Châtaigniers en fleurs-მა ვან გოგის წინა რეკორდი მოხსნა. კერძოდ, 2022 წლის ნოემბერში მისი 1888 წლის ნამუშევარი Orchard with Cypresses-ი აუქციონზე $117.2 მილიონად გაიყიდა.
Châtaigniers en fleurs-ზე საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში აყვავებული წაბლის ხეებია ასახული. ვან გოგმა ნახატი 1890 წლის მაისში, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე შექმნა. მხატვარი 37 წლის ასაკში, იმავე წლის ივლისში გარდაიცვალა.
ნამუშევარი არგენტინულ ოჯახს, ბლაკიერ-არიეტებს ეკუთვნოდა, რომლებმაც ის 1975 წელს შეიძინეს. ოჯახი Forbes Argentina-ს 2024 წლის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 24-ე ადგილს იკავებდა, მისი ქონება კი ჯამურად $1 მილიარდად იყო შეფასებული.
ნახატის ყოფილი მფლობელის, გერმანელი ებრაელი გამომცემლის, სამუელ ფიშერის შთამომავლებმა განაცხადეს, რომ მათი ოჯახის მიერ ნამუშევრის 1936 წელს გაყიდვა ნაცისტური რეჟიმის პირობებში იძულებით მოხდა. Sotheby’s-ის მონაცემებით, ფიშერმა ნახატი 1909 წელს შეიძინა, ხოლო მისი ოჯახი მას 1936 წლამდე ფლობდა. ფიშერი 1934 წელს გარდაიცვალა, ნახატი კი მისმა მემკვიდრეებმა ფრანგ კოლექციონერებს მიჰყიდეს.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ნამუშევარი მას შემდეგ გაიყიდა, რაც ფიშერების ოჯახმა ბერლინი დატოვა და ვენაში გადავიდა. ადვოკატმა აუქციონის სახლს მიმართა და მოითხოვა მტკიცებულებები, რომ 1936 წლის გარიგება ნებაყოფლობით, საბაზრო ფასად განხორციელდა. დავა მას შემდეგ დასრულდა, რაც სამშაბათს Sotheby’s-მა გამოაცხადა, რომ ბლაკიერ-არიეტებისა და ფიშერების ოჯახების შთამომავლებმა „ურთიერთმისაღებ შეთანხმებას“ მიაღწიეს. შეთანხმების პირობები საჯაროდ არ გამჟღავნებულა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი










