ბაქო, თბილისი და ასტანა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე შეთანხმდნენ | 2029 წლის მიზანი 30 მილიონი ტონაა

ბაქო, თბილისი და ასტანა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე შეთანხმდნენ | 2029 წლის მიზანი 30 მილიონი ტონაა

საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ, რომლის მიზანიც 2029 წლისთვის მარშრუტის წლიური გამტარუნარიანობის 30 მილიონ ტონამდე გაზრდაა. ამ მიმართულებით, 2029 წლამდე ქართული მხარე $7 მილიარდის ინვესტირებას აანონსებს.

შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტი ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს, საბოლოოდ კი შავ ზღვამდე აღწევს. ბაქოს, თბილისსა და ასტანას შორის მიღწეული შეთანხმება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ლოგისტიკური პროცესების გამარტივებასა და საზღვრებზე ტვირთების გადაზიდვის დაჩქარებას ითვალისწინებს.

პარალელურად, ბელგიური კომპანიები ყაზახეთში $50-მილიონიანი ლოგისტიკური ცენტრის მოწყობასა და დერეფნის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას განიხილავენ, რაც ამ სავაჭრო მარშრუტის მიმართ ევროპული ბიზნესების მზარდ ინტერესსაც უსვამს ხაზს. როგორც Euronews-ი წერს, ინიციატივები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) აზია-ევროპის უფრო ეფექტიან და კონკურენტუნარიან დამაკავშირებელ გზად ჩამოყალიბებას ემსახურება.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანა 2029 წლამდე შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში $7 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. „მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის თქმით, 2029 წლამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩადებული დაახლოებით $7 მილიარდი პორტების, რკინიგზის, საავტომობილო გზებისა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.