ტრამპს, პუტინსა და სი ძინპინს შორის ისტორიული სამმხრივი შეხვედრა შედგა

ტრამპს, პუტინსა და სი ძინპინს შორის ისტორიული სამმხრივი შეხვედრა შედგა

ფოტო: Qilai Shen/Bloomberg

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ისტორიაში პირველად სამმხრივი შეხვედრა გამართეს. ისტორიული შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა „მშვიდობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია“ გამოაქვეყნეს.

შეხვედრა აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართა და სამ მეთაურს შორის დისკუსია შენჭენში საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. მანამდე პრეზიდენტებმა ერთმანეთთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა „მშვიდობის დეკლარაცია“ მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა დაიწყოს“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ქვეყნები ნავთობის წარმოებისა და მიწოდების გაზრდას გეგმავენ.

განცხადებაში ასევე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მოხელეთა იმუნიტეტის საკითხზეც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ და სხვა მსგავსმა ინსტიტუტებმა თავიანთი იურისდიქცია ბოროტად არ უნდა გამოიყენონ“.

ჩინეთში ყოფნისას, სამმხრივ შეხვედრამდე, ტრამპი პუტინსაც შეხვდა. 2025 წლის აგვისტოს შემდეგ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგას „მეგობარი“ უწოდა.

თბილი დამოკიდებულებისა და თავაზიანი ჟესტების მიღმა რეალობა ისაა, რომ სამივე პრეზიდენტს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მიზნები და მოტივები ჰქონდა.

სამმხრივი შეხვედრის დასაწყისში გაკეთებულმა განცხადებებმა გარკვეული წარმოდგენა შექმნა იმ თემებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა უნდა განხილულიყო.

სანამ სიტყვას სხვა მეთაურებს გადასცემდა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ „მსხვილ სახელმწიფოებს შორის პოზიტიური ურთიერთქმედება არჩევანის საკითხი კი არა, აუცილებელი მოთხოვნაა“.

ამის შემდეგ პუტინმა ხაზი გაუსვა უკრაინის ომის დასრულების საერთო ინტერესს და დასძინა, რომ საუბარი ასევე შეეხებოდა სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ტრამპმა საუბარი იმის აღნიშვნით დაასრულა, რომ მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აკისრიათ, შეინარჩუნონ ნაყოფიერი დიალოგი.

„წარსულში ლიდერები ხშირად ერიდებოდნენ საუბარს იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უთანხმოება ჰქონდათ. ჩვენ კი სრულიად საპირისპირო მიდგომა გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება სამი ქვეყნის ბირთვულ პოტენციალზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათ „უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, განიხილონ, თუ როგორ შეიძლება დედამიწაზე ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირება“.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.