ფოტო: Getty Images
ხელოვნური ინტელექტის პოპულარული ჩატბოტის, Claude-ის შემქმნელ კომპანია Anthropic-ს საფონდო ბირჟაზე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დებიუტი ჰქონდა და $81.3 მილიარდი მოიზიდა. ამ გარიგების შედეგად, Anthropic-ის ღირებულება $1.5 ტრილიონად შეფასდა, რაც ხელოვნურ ინტელექტსა და ტექნოლოგიურ სექტორში კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებულ შიშებს აქარწყლებს.
ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის დასტურად, Anthropic-მა თითო აქციის ფასი $83 დოლარით განსაზღვრა, რაც თავდაპირველად დაგეგმილ $70-78–დოლარიან დიაპაზონს აღემატება.
ოთხშაბათს მედიასააგენტო Reuters-მა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Anthropic-მა გასაყიდი აქციების რაოდენობა დაახლოებით 19%-ით, 980 მილიონ ერთეულამდე გაზარდა.
საინტერესოა, რომ Anthropic-ის პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) ივნისში ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამყარებულ რეკორდულ მაჩვენებელსაც აჭარბებს. დოკუმენტების თანახმად, გარიგების საერთო მოცულობა $107.3 მილიარდს შეადგენს, აქედან $26 მილიარდი კომპანიამ აქციების კერძო განთავსების, ე.წ. Private Placement-ის, გზით მოიზიდა.
ხუთშაბათს Nasdaq-ის ფიუჩერსები თითქმის 2%-ით გაიზარდა, რამაც Anthropic-ის წარმატებული დებიუტის შესახებ მოლოდინი კიდევ უფრო გაამყარა და ხელოვნური ინტელექტის სფეროს კომპანიების აქციების მიმართ ინტერესი გააცოცხლა.
მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, Anthropic-ის გაყიდვებმა $33 მილიარდს გადააჭარბა. შედარებისთვის, 2025 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა $2.5 მილიარდი, ხოლო 2023 წელს მხოლოდ $41 მილიონი შეადგინა.
Anthropic-ის გაყიდვების მაჩვენებლები კვლავ უმჯობესდება. იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც კომპანიის მომსახურებაში $100,000-ზე მეტს ხარჯავენ, 2025 წლის დეკემბერში არსებული დაახლოებით 1,500-დან 30 სექტემბრისთვის 11,900-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გამოთვლითი ეფექტიანობაც, რაც ნიშნავს, რომ გამოთვლით ინფრასტრუქტურაში დახარჯულ თითოეულ დოლარზე კომპანია უფრო მეტ შემოსავალს იღებს.










