უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-7 ადგილზე დაწინაურდა

უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-7 ადგილზე დაწინაურდა

ფოტო: Daniel Zuchnik/WireImage

 

ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მე-7 ადგილზე დაწინაურდა და Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი ჩამოიტოვა. ცვლილება Microsoft-ის აქციების ფასის შემცირებას მოჰყვა, რის შედეგადაც ბალმერის ქონების ღირებულება დაეცა.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ხუთშაბათს ბაფეტის ქონება 0.1%-ზე ნაკლებით შემცირდა და $157.3 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში Berkshire Hathaway-ის A კლასის აქციების ფასიც მცირედით დაეცა. მიუხედავად ამისა, ბაფეტმა რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურება შეძლო, რადგან ბალმერის ქონება უფრო მეტად შემცირდა.

კერძოდ, ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გაყიდვების ფონზე Microsoft-ის აქციები 1.8%-ით გაუფასურდა და თითქმის ბოლო ორი თვის მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა. შედეგად, ბალმერის ქონების ღირებულება 1.6%-ით, $155.7 მილიარდამდე შემცირდა.

ბალმერი Microsoft-ის ხელმძღვანელის პოზიციას 2014 წელს ჩამოშორდა, თუმცა კომპანიის უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად დარჩა. ამასთან, ის NBA-ის კლუბ Los Angeles Clippers-ის მფლობელია. Microsoft-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი.

Forbes-ის რეიტინგში ბაფეტს უსწრებენ Dell Technologies-ის დამფუძნებელი მაიკლ დელი ($199 მილიარდი), Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი ($205 მილიარდი), Google-ის თანადამფუძნებლები სერგეი ბრინი ($209.1 მილიარდი) და ლარი პეიჯი ($227.1 მილიარდი), Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ($376.2 მილიარდი) და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი ($877.4 მილიარდი).

აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს მილიარდერთა რეიტინგში მცირე ხნით კიდევ ერთი ცვლილება დაფიქსირდა: Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ვაჟმა რობ უოლტონმა Oracle-ის თანადამფუძნებელ ლარი ელისონს გადაუსწრო. თუმცა დღის ბოლოს უოლტონის ქონება $148.7 მილიარდამდე შემცირდა, ელისონისა კი $148.8 მილიარდს შეადგენდა. შედეგად, ელისონმა რეიტინგში მე-9 ადგილი შეინარჩუნა.

96 წლის უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან 2025 წლის ბოლოს გადადგა. ის კომპანიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსს ინარჩუნებს და 2026 წელსაც აქტიურად აგრძელებს ქველმოქმედებას. ორშაბათს მან განაცხადა, რომ მადლიერების დღის წინ ოთხ ფონდს, რომლებიც მის ოჯახთან არიან დაკავშირებული, Berkshire Hathaway-ის დაახლოებით $5.5 მილიარდის ღირებულების აქციებს გადასცემს. ინვესტორს არაერთხელ განუცხადებია, რომ საკუთარი ქონების 99%-ზე მეტის ქველმოქმედებისთვის დათმობას აპირებს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი