თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში 8,276 ლარი დაიხარჯა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოებული ფინანსური დოკუმენტაციის შეუსაბამობა, ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვა და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფა – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გაასაჯაროა.
კვლევის მიხედვით, 2015-2018 წლებში საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაზე სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამურმა ოდენობამ დაახლოებით 30 მლნ. ლარი შეადგინა. ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ანგარიშები, არ არის თანხვედრაში სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან. მაგ. 2017 წელს მოწოდებულია მხოლოდ 782,785.38 ლარის ოდენობის ფაქტიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია, მაშინ როდესაც სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 3,500,000 ლარი.
თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12,517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში – 8,276 ლარი.
“ხელშეკრულებაშიც და მიღება ჩაბარების აქტშიც ჩანს, რომ მომსახურება ერთი თვის განმავლობაში შესრულდა, კერძოდ კი 2017 წლის 25 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით, რაც საკმაოდ გაუგებარს ხდის აღნიშნული მომსახურების ფორმას, თუმცა, თუ ვივარაუდებთ რომ საქონელი სხვადასხვა დროს ჩამოდიოდა და შემსრულებელს თითოეულ ჯერზე უწევდა ტვირთის წამოღება, მაინც გაურკვეველი რჩება, რამ გამოიწვია თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირების ასეთი მაღალი ფასი, რომელიც უცხოეთიდან ტრანსპორტირების თანხას უახლოვდება”, – ნათქვამია კვლევაში.