“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2018 წლის სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის მონაცემებით, კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 16.8%-ით (16.4 მილიონი ლარი) შემცირდა და 81.1 მლნ ლარი შეადგინა. კლება 2018 წელს “სხვა არასამაუწყებლო” შემოსავლის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში ტელეკომპანია GDS-მა ტექნიკის გაყიდვით (“სხვა არასამაუწყებლო” შემოსავლის სახით) 16 მილიონამდე ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, 2018 წლის განმავლობაში კი ამ კატეგორიაში მისმა წლიურმა შემოსავალმა მხოლოდ 38 ათასი ლარი შეადგინა.
2018 წელს ყველა ტელევიზიის სარეკლამო შემოსავალი 0.2%-ით (0.2 მლნ ლარი) შემცირდა და 75.3 მლნ ლარი გახდა. თუმცა, ცალკე კერძო ტელევიზიების შემოსავალმა 2.9%-იანი (2.2 მლნ ლარი) კლება განიცადა.
მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია, როგორც “რუსთავი 2”-ის, ისე ტელეკომპანია “იმედის” ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სარეკლამო შემოსავალი – ჯამში 1.8 მლნ ლარით, მათ ჰოლდინგებს ბაზარზე დღემდე დომინანტური პოზიცია უკავიათ და სარეკლამო შემოსავლების მხრივ ბაზრის 78%-მდე ფლობენ.
კერძო ტელევიზიებში ფინანსური შემოსავლების მხრივ ყველაზე მზარდი ტელეკომპანიაა “პირველი”. მისი სარეკლამო შემოსავალი, 2017 წელთან შედარებით, 35.2%-ით (840 ათასი ლარი) გაიზარდა და ქართულ ბაზარზე მესამე ადგილი დაიკავა.
2017 წელთან შედარებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამის სახით 2018 წელს 2 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღო და ტელევიზიებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დიდი სარეკლამო ზრდა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რაც, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ექსკლუზიურად ჩვენების დროს განთავსებულ რეკლამაზე მოდის.
ტელევიზიების შემოსავლების მსგავსად, შემცირებულია რადიოს შემოსავლებიც. კერძოდ, ჯამური შემოსავლები 9.7%-ით (1 მლნ ლარი) ნაკლებია, ხოლო სარეკლამო – 1%-ით (84 ათასი ლარი). ყველაზე შემოსავლიანი რადიო კვლავ ჰოლდინგი “ფორტუნაა”, რომელიც რამდენიმე რადიოს აერთიანებს.