ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციებს IPO-ზე Galt&Taggart განათავსებს. შესაბამის ტენდერში გამარჯვებულად სწორედ ეს კომპანია დასახელდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 150 ათას ლარს შეადგენდა, Galt&Taggart-ის საბოლოო შეთავაზება კი 95 300 ლარი იყო. ამ შეთავაზებაზე ერთი ლარით ნაკლები თანხა შემსყიდველს „თიბისი კაპიტალმა“ დადო, თუმცა, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიის ტენდერიდან დისკვალიფიკაცია მოხდა.
სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ დაბალი ფასის მიუხედავად, “თიბისი კაპიტალის” გუნდს ტენდერით მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილება არ გააჩნია.
ტენდერის მიხედვით, საუბარია ფასიანი ქაღალდების მხოლოდ ნაწილის – 25%-ს განთავსებაზე.
“სატენდერო წინადადების ბოლო რაუნდი მხოლოდ ლარით განსხვავდებოდა. გუშინ უნდა გამოცხადებულიყო შედეგები, თუმცა, „თიბისი კაპიტალმა“ დისკვალიფიკაცია მიიღო, საკმარისი გამოცდილების არარსებობის გამო. ჩვენი კვალიფიკაცია უკვე გადამოწმებულია დეტალურად. წერილში, რომელიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, აღნიშნულია, რომ Galt&Taggart-ს შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნია. ამაში, ჩვენც დარწმუნებული ვიყავით”,- აცხადებენ Galt&Taggart-ში.
ქართლის ქარის სადგურის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა. გორში მდებარე ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმიდან 2017 წლის 27 იანვრიდან მოიხსნა და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.