გარღვევა არ მომხდარა – იმ ეკონომიკური ზრდით, რაც გასული რვა წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა, მართალია, ქვეყნის მოქალაქეთა საშუალო შემოსავლები გაიზარდა, თუმცა დიდად არ შეცვლილა ის, რისთვისაც საერთოდ ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. შედეგად, შემოსავლების თანაფარდობით სტატუს-კვო უცვლელია. საქართველო 2012 წელსაც ასწრებდა სომხეთს ერთ მოსახლეზე შემოსავლების მოცულობით და 2020 წელსაც ასწრებს, თუმცა მანძილი EU-ს თუნდაც ყველაზე ღარიბ სახელმწიფომდე კვლავ შორია.
მეტიც, სავალუტო კრიზისმა კიდევ უფრო გააბუნდოვანა იმ ეკონომიკური ზრდის შედეგები, რაც საქართველოს ბოლო რვა წლის განმავლობაში ჰქონდა. ამის უკეთ დანახვა მიმდინარე ფასებში აშშ დოლარში გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტითაც არის შესაძლებელი. IMF-ის მონაცემებით, 2012 წელს მშპ ერთ მოსახლეზე $4,409 დოლარი იყო. ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს 2014 წელს, ლარის გაუფასურებამდე მიაღწია და $4,742 გახდა, შემდეგ კი $4,017-მდე შემცირდა. 2019 წლისთვის კვლავ $4,765-მდე გაიზარდა, 2020 წლის რეცესიის შედეგად კი $4,405-ს დაუბრუნდა, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც 2020 წელს იყო.
თუმცა დოლარში, მიმდინარე ფასებში წარმოდგენილი მშპ-ის მაჩვენებლები ბოლომდე სრულ სურათს არ ასახავს, რადგან როგორც IMF- ქვეყნების შესაფასებლად, მსყიდველობითი პარიტეტის გათანაბრების წესს (Purchasing Power Parity) იყენებენ, რა სახითაც წარმოდგენილი მშპ ერთ მოსახლეზე სხვადასხვა ქვეყანას შორის შედარების უკეთეს შესაძლებლობას იძლევა. ამ სახით საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $15,142 დოლარს შეადგენს, 2012 წელს კი $9,798 დოლარი იყო.
თუმცა მსოფლიო ბანკი ქვეყნებს შემოსავლიანობის ჯგუფების მიხედვით არა PPP დოლარების, არამედ მიმდინარე ფასებში დათვლილი მშპ-ის საფუძველზე აჯგუფებს. საქართველო ამჟამად „ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფშია“, სადაც მოსახვედრად ერთ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა მინიმუმ $4,046 უნდა იყოს (საქართველოში $4,405-ია).«