Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიას ყიდულობს

Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიას ყიდულობს

Apple-ს ბოლო ექვსი წლის მანძილზე დაახლოებით ასი კომპანია აქვს შეძენილი. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტიმ კუკი აცხადებს. როგორც კუკმა აქციონერებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე აღნიშნა, Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიას ყიდულობს. მისივე თქმით, კომპანიების ყიდვის მიზანს ძირითადად ტექნოლოგიებისა და ნიჭის ყიდვა წარმოადგენს.

Apple-ის ყველაზე მსხვილი გარიგება ბოლო ათწლეულში $3 მილიარდად ყურსასმენების მწარმოებელი Beats Electronics-ის ყიდვა იყო. კიდევ ერთი მსგავსი მსხვილი გარიგება იყო 2018 წელს მუსიკალური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Shazam-ის $400 მილიონად ყიდვა. თუმცა, ძირითადად Apple-ი შედარებით მცირე ზომის ტექნოლოგიურ კომპანიებს ყიდულობს და შემდეგ მათ ინოვაციებს თავის პროდუქციაში აერთიანებს.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ებრაული სენსორული ამომცნობი ტექნოლოგიის კომპანია PrimeSense-ი, რომლის ტექნოლოგიასაც Apple-ი დღეს FaceID-ში იყენებს.

Apple-ის მიერ ნაყიდი კომპანიების სია საკმაოდ მრავალფეროვანია. გასულ წელს მან ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე კომპანია შეიძინა, მათ შორის – ვირტუალური რეალობის, გადახდების სტარტაპი და პოდკასტ-ბიზნესი.

2019 წელს თვითმართვადი ტექნოლოგიების კომპანია Drive.ai იყიდა, ხოლო 2016 წელს  – ჩინური სატრანსპორტო კომპანია Didi Chuxing-ი.

ცნობისთვის, Apple-ის საბაზრო ღირებულება $2 ტრილიონზე მეტია, ამიტომაც კომპანიას აქვს იმის ფუფუნება, რომ ინვესტიციები ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებში მსუყედ ჩადოს. თუმცა Apple-ს ჰქონია ისეთი მომენტებიც, როდესაც უარი უთქვამს შეთავაზებებზე ან არ დაინტერესებულა. მაგალითად, როგორც Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი იხსენებს, მან 2013 წელს მიაკითხა ტიმ კუკს და შესთავაზა თავისი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ყიდვა, როდესაც ის კრიზისში იყო. თუმცა, ტიმ კუკი მასთან შეხვედრაზე არ მივიდა.