შოკოლადის ბრიტანული მწარმოებელი Thorntons-ი აცხადებს, რომ ლოქდაუნის გაუქმების შემდეგ, არც ერთ მაღაზიას აღარ გახსნის. 61 მაღაზიის დახურვის გადაწყვეტილება ბრიტანეთის შრომის ბაზარზე 600 სამუშაო ადგილს გააქრობს.
როგორც შოკოლადის მწარმოებელი აცხადებს, პანდემიამ ბიზნესზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია, რამაც კომპანია აიძულა, საშობაო და სააღდგომო არდადეგებისას მაღაზიების კარი დაეხურა. როგორც წესი, სწორედ ამ პერიოდებში ჰქონდა Thorntons-ს ყველაზე მეტი მომხმარებელი.
„მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მაინც მოგვიწია ჩვენი მაღაზიების სამუდამოდ დახურვის შესახებ რთული გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა Thorntons-ის რიტეილ-მიმართულების ხელმძღვანელმა ადამ გოდარდმა.
ცნობისთვის, 2000-იან წლებში, Thorntons-ს საფრთხე მაშინ დაემუქრა, როდესაც ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდნენ – მაგალითად, Hotel Chocolat-ი. მაშინ ბრიტანულმა მწარმოებელმა გადაწყვიტა, სტრატეგია შეეცვალა და უფრო მეტი შოკოლადი სუპერმარკეტებში გაეყიდა, ვიდრე მაღაზიებში.
აღნიშნული ბიზნესი 2015 წელს იტალიურმა გიგანტმა Ferrero-მ იყიდა და შეეცადა, ბრენდისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა, თუმცა Thorntons-ის მაღაზიათა რაოდენობა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 252-დან 61-მდე შემცირდა.
როგორც Ferrero-ში მიიჩნევენ, Thorntons-ის მომავალი ონლაინ გაყიდვებსა და სუპერმარკეტების დახლებზეა. კომპანიამ ონლაინ გაყიდვები უკვე დაიწყო. ვებგვედრიდან გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით 70%-ით იმატა. კომპანია საერთაშორისო გაყიდვებზეც აპირებს აქცენტირებას.
Thorntons-ი 1911 წელს დაარსდა.