მიმდინარე კვირას აშშ-ში ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების და ფისკალური და მონეტარული დახმარების მნიშვნელობის შესახებ ფინანსური სერვისების კომიტეტში ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელს ჯერომ პაუელსა და სახაზინო მდივანს ჯანეტ იელენს მოუსმენენ. იელენისა და პაუელის გარდა, ათობით მაღალჩინოსანი მიიღებს მსჯელობაში მონაწილეობას, მათ შორის ნიუ-იორკის სარეზერვო სამსახურის პრეზიდენტი ჯონ უილიამსიც. ინვესტორები მათ განცხადებებს ყურადღებით დააკვირდებიან.
მანამდე კი იელენი და პაუელი საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. კონფერენცია ოთხ დღეს გასტანს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ლიდერებიც დაესწრებიან. მათ შორის იქნება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, ინგლისის ბანკის მმართველი ენდრიუ ბეილი, კანადის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ტიფ მაკლემი და სხვები.
პარალელურად, მიმდინარე კვირაშივე რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკები, მათ შორის შვეიცარიის, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ბანკები, მონეტარული პოლიტიკის სხდომებს გამართავენ. როგორც მოსალოდნელია, მაგალითად, შვეიცარიის ეროვნული ბანკი განაკვეთს უცვლელად მინუს 0.75%-ზე დატოვებს, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მიმდინარე კვირას ასევე საინტერესო იქნება აშშ-ში საცხოვრებელი სახლების გაყიდვების განახლებული მაჩვენებლები და სამომხმარებლო ხარჯების შესახებ ახალი მონაცემები.
ევროპაში გადავინაცვლოთ: მიმდინარე კვირას ევროზონაში PMI-ის მარტის მონაცემებს გამოაქვეყნებენ, დიდ ბრიტანეთში კი უმუშევრობის დონის ახალი მაჩვენებლები გახდება ცნობილი. ასევე გამოაქვეყნებენ რიტეილ-გაყიდვების შესახებ მონაცემებს – როგორც ელოდებიან, მონაცემები ამ მხრივ მცირედით გაზრდილი იქნება.
გარდა ამისა, ახალ ზელანდიასა და ჰონკონგში თებერვლისექსპორტ-იმპორტის მონაცემებს გამოაქვეყნებენ, ხოლო რუსეთში აშშ დოლარში ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა გახდება ცნობილი.