მე-18 სეზონის პირველი გადაცემა ბოდიშის მოხდით დაიწყო. საზაფხულო პაუზის შემდეგ, „ელენ დეჯენერესის შოუ“ ეკრანზე გასული წლის სექტემბერში დაბრუნდა. „ისეთი რაღაცები მოხდა, რაც არასდროს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ საჭირო ცვლილებები განვახორციელეთ და დღეს ისტორიის ახალ თავს ვიწყებთ… მინდა, შოუზე მომუშავე 270 თანამშრომლიდან თითოეული იყოს ბედნიერი და ამაყი, რომ აქ მუშაობს“, – აცხადებდა ელენი სეზონის პირველ გადაცემაში.
ბოლო 4 წლის განმავლობაში სეზონის გახსნას ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. თუმცა სექტემბრის შემდეგ „ელენის შოუმ“ მილიონზე მეტი მაყურებელი დაკარგა. The New York Times-ის ცნობით, რეიტინგი მკვეთრად მას შემდეგ შემცირდა, რაც გამოძიება დაიწყო და წამყვანმა ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უპასუხა.
კომპანია Nielsen-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 6 თვის მანძილზე შოუს საშუალოდ 1,5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მაყურებელთა რიცხვი 2,6 მილიონს შეადგენდა. კვლევითი კომპანია Kantar-ის თქმით, ამან გავლენა რეკლამირებაზეც მოახდინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2020-2021 წლებში შოუს რეკლამიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 20%-ით შეუმცირდა და 105 მილიონი დოლარი შეადგინა.
ელენსა და პროდიუსერებს ბრალი რასიზმსა და ტოქსიკური სამუშაო გარემოს შექმნაში ედებოდათ. ელენის შოუს მფლობელმა კომპანია Warnermedia-მ სავარაუდო ტოქსიკური სამუშაო გარემოს შესასწავლად გამოძიება დაიწყო. გამოძიება ახალი სეზონის დაწყებამდე დასრულდა და ტელეშოუს სამი მთავარი პროდიუსერი დაითხოვეს.
Warner Bros.-ის შვილობილი კომპანია Telepictures-ის აღმასრულებელი პრეზიდენტი რეიტინგის ვარდნას Covid-19-სა და პანდემიის დროს მაყურებელთა ჩვევების შეცვლას უკავშირებს. დევიდ მაკგვაიერის განცხადებით, ელენის შოუ ყველაზე რეიტინგულ ტოქშოუთა სამეულშია.
თუმცა, The New York Times-ის თქმით, რეიტინგის მკვეთრი ვარდნა კონკურენტ სატელევიზიო შოუებს არ განუცდიათ და მაყურებელთა 43%-ით შემცირების შემდეგ ელენი ამ სეზონზე „Dr. Phil“-ისა (2,5 მილიონი) და „Live: With kelly and Ryan“-ის ( 2,7 მილიონი) ტრადიციულ კონკურენტად ვეღარ ჩაითვლება.
„ელენ დეჯენერესის შოუ“ ეკრანებზე 2003 წლიდან გადის. მას არაერთი ემის ჯილდო აქვს მიღებული და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო შოუდ მიიჩნევა.