WhatsApp-ი ფოტოებისა და ვიდეოების ერთხელ ნახვის შემდგომ გაქრობის ფუნქციას ამატებს

WhatsApp-ი ფოტოებისა და ვიდეოების ერთხელ ნახვის შემდგომ გაქრობის ფუნქციას ამატებს

WhatsApp-ი აპლიკაციაში ფოტოებისა და ვიდეოების ერთხელ ნახვის შემდგომ გაქრობის ფუნქციას ამატებს. „View once“-ის საშუალებით აპლიკაციის მომხმარებლების მიერ გაგზავნილი ფოტო-ვიდეო მასალა, ადრესატის მიერ ერთხელ ნახვის შემდეგ, ავტომატურად წაიშლება.

WhatsApp-ის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ფუნქცია მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვის გასაუმჯობესებლად დაინერგა. მათი განცხადებით, „View once“-ი კარგი საშუალებაა პერსონალური ინფორმაციის გასაგზავნად. გარდა ამისა, გაგზავნილი მასალა მობილურის გალერეაში არ შეინახება და აპლიკაციიდანაც წაიშლება იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი მას ორი კვირის განმავლობაში არ ნახავს.

მიუხედავად ამისა, ბავშვთა უფლებების დამცველები თვლიან, რომ ახალი ფუნქცია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი სამხილების დაფარვას შეუწყობს ხელს. საქველმოქმედო კომპანია NSPCC-ის განცხადებით, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის აღმოფხვრისთვის იბრძვის, აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებების დამრღვევებს აპლიკაციის ახალი ფუნქცია აძლევს საშუალებას დაფარონ თავიანთი დანაშაული და წაშალონ დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები. საქველმოქმედო კომპანია NSPCC-ი აქამდეც გამოირჩეოდა მსგავსი ტიპის მოწოდებებით Facebook-ის დაშიფრული მესიჯების წინააღმდეგ.

რაც შეეხება WhatsApp-ის ახალ ფუნქციას, მისი გამოყენება ძალიან მარტივია. ფოტოს გადაღებისას გაგზავნის ღილაკის გვერდით „1“-იანი გამოჩნდება, რომელზე დაჭერითაც აპლიკაციაში ავტომატურად წაშლადი ფოტო-ვიდეო მასალა იგზავნება. თუმცა, აპლიკაციის მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახალი ფუნქცია მათი პირადი ინფორმაციის დაცვას სრულად ვერ უზრუნველყოფს და ადრესატს, ეკრანის გადაღების, ე.წ. „screenshot“-ის საშუალებით, შეეძლებათ მასალის გადაღება და შენახვა.