ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Huawei-მ 2021 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კომპანიის შემოსავალმა 30%-ით იკლო და 320 მილიარდი ჩინური იუანი (დაახლ. 49.3 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა. შემოსავლის დრამატულ კლებას, ნაწილობრივ Huawei-ს სამომხმარებლო ელექტრონული პროდუქტების, მათ შორის ტელეფონების, გაყიდვების 47%-იანი კლება განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე შემოსავლის ასეთი კლება კომპანიას არასდროს დაუფიქსირებია. ანალიტიკოსთა აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, Huawei-ს ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობა და მათგან მნიშვნელოვანი კომპონენტების ყიდვა უჭირს. ამ ფაქტის შესახებ კომპანიის სამომხმარებლო პროდუქტების ხელმძღვანელმა, რიჩარდ იუმ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა: „აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ჩვენს ბიზნესოპერაციებს და ყოველდღიურ საქმიანობას დიდ პრობლემებს უქმნის“. ელექტროჩიპების ბაზარზე არსებული დეფიციტი ამ პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს.
ფინანსური სირთულეების მიუხედავად, Huawei მომავალს ოპტიმისტურად უყურებს: „მომავალი ხუთი წლისთვის სტრატეგიული მიზნების ნუსხა შევადგინეთ. მიზნად გადარჩენა დავისახეთ, რაც მთავარია მდგრადად. ამ მიზანს, ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის პრაქტიკული ღირებულების შექმნით მივაღწევთ. მიუხედავად სამომხმარებლო ბიზნესის შემოსავლის გარეშე ფაქტორებით გამოწვეული კლებისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი კომპანიები მდგრად ზრდას განაგრძნობენ“, – განაცხადა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, ერიკ შუმ.